"რწმენა გვაძლიერებს, სიყვარული გვაერთიანებს" - ამ გზავნილმა წლევანდელ დამოუკიდებლობის დღეს სრულიად ახალი შინაარსი შესძინა. საათი ჯერ კიდევ 12:00-ს არ უჩვენებდა, თუმცა დედაქალაქის ქუჩებში - ათონელიდან ორბელიანის მოედნამდე, ხალხმრავლობამ და სადღესასწაულო მუხტმა ოფიციალურ განრიგს გაასწრო.
კონცერტები, საბავშვო აქტივობები, სპორტული და სახელოვნებო სივრცეები, გამოფენები, ქართული პროდუქციის პრეზენტაციები, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ქუჩაში გამოსულ მოქალაქეებს ორბელიანის მოედანმა უმასპინძლა.
სახალხო დღესასწაულმა სრულად მოიცვა ათონელის, ხაზინის, ფხოვის, ფურცელაძისა და ვეკუას ქუჩები.
საბავშვო ღონისძიებებს ალექსანდრეს ბაღმა უმასპინძლა.
მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო სპორტულ აქტივობებს. ტერიტორიაზე სპორტის სხვადასხვა სახეობის სივრცეები იყო განთავსებული.
განსაკუთრებული აქცენტი ღვინოსა და ხორბალზე გაკეთდა, როგორც ეროვნული იდენტობის მნიშვნელოვან ნაწილზე, რომელიც ქვეყანას მსოფლიო ცივილიზაციის სათავეებთან აყენებს და რომელსაც 8 ათასწლიანი უწყვეტი ისტორია აქვს. საგანგებოდ მოწყობილ სივრცეში მისული მოქალაქეები ამ ისტორიასაც ეზიარებოდნენ და სხვადასხვა სახეობის ქართულ ღვინოსაც აგემოვნებდნენ.
17:10 წუთზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს, პრეზიდენტის სასახლის ეზოში ეროვნული ჰიმნი შესრულდა.
კულტურული პროგრამა საქართველოს სხვადასხვა მხარეში სეგმენტურად იყო წარმოდგენილი, რაც თითოეულ კუთხეს საკუთარი უნიკალურობის ჩვენების საშუალებას აძლევდა. დედაქალაქის პარალელურად მასშტაბური ღონისძიებები გაიმართა რეგიონებში.
საზეიმო ვითარებაში აღნიშნეს საქართველოს ზღვისპირა ქალაქში დამოუკიდებლობის დღე.
ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიამ სხვადასხვა სახის ღონისძიებებს უმასპინძლა. მათ შორის ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიმართა.
კულტურული და შემეცნებითი აქტივობებით აღნიშნეს 26 მაისი ოზურგეთში. ცენტრალურ მოედანზე დრამერების მსვლელობა და კოსტიუმირებული მსახიობების წარმოდგენა გაიმართა. ადგილზე მოწყობილი იყო
საგანმანათლებლო სივრცეები, რომელსაც უნივერსიტეტები და პროფესიული კოლეჯები მასპინძლობდნენ.
თელავში საზეიმო ღონისძიებების ეპიცენტრი ეკონომიკის სამინისტროს მრავალფეროვანი სივრცეები იყო, სადაც მოქალაქეებს ორგანიზატორები ინოვაციურ, შემეცნებით და ტრადიციულ პროგრამას სთავაზობდნენ. დღის მეორე ნახევარში კი, თეატრის წინ დამონტაჟებული სცენა ადგილობრივმა ანსამბლებმა დაიკავეს.
მთელი დღის განმავლობაში გასართობი და შემეცნებით აქტივობები გაიმართა ზუგდიდში. მას შემდეგ რაც ეროვნული ჰიმნი გაჟღერდა ცენტრალურ მოედანზე ქართველმა შემსრულებლებმა საკუთარი რეპერტუარიდან მუსიკალური ნომრები შეასრულეს.
გალა კონცერტით დასრულდა ქუთაისში დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებები. ცენტრალურ მოედანზე, მაყურებლის წინაშე ქართველი შემსრულებლები წარდგნენ.
26 მაისისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებები საქართველოს ყველა რეგიონში გალა კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობა ცნობილმა ქართველმა შემსრულებლებმა მიიღეს.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი