ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ჩიხლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა. გამოძიების ცნობით, "სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელი, ირაკლი ჩიხლაძე სადაზვერვო ქსელს მართავდა, მოპოვებულ ინფორმაციას კი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს აწვდიდა. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქმეში ფიგურირებს მატერიალური სარგებელი, რომლის სანაცვლოდაც, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, ხდებოდა ინფორმაციის მიწოდება.
ირაკლი ჩიხლაძის ადვოკატის, გიორგი გელხაურის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებით სარგებლობს.
რაც შეეხება მტკიცებულებებს - საქმეში მოიპოვება პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ბრალდებულების კავშირს უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლებთან, ასევე, მათი მხრიდან ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ფაქტებს.
კონკრეტულად თუ რა სახის ინფორმაცია იქნა მოპოვებული, მოგეხსენებათ, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და შესაბამისად, ამ ინფორმაციის გაჟღერებამ შეიძლება დააზიანოს არამარტო გამოძიების, არამედ სახელმწიფოს ინტერესი", - განაცხადა პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ კიდევ ერთ პირს - "ევრაზიის ინსტიტუტის" დამფუძნებელს, გულბაათ რცხილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახედ ასევე პატიმრობა შეეფარდა. სუსის ინფორმაციით, ის ერთდროულად ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურთან თანამშრომლობდა.
დაკავებულებს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.