02 აგვისტო 2026,   13:49
ვრცლად
დაცვის მხარეს ექნება აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების მოთხოვნა - სავიზო თაღლითობისა და ყალბი ისტორიების შექმნისთვის დაკავებულებს ბრალი წარუდგინეს

სავიზო თაღლითობისა და ყალბი ისტორიების შექმნისთვის დაკავებულებს ბრალი წარუდგინეს. საქმე ეხება შეერთებულ შტატებში თავშესაფრის უკანონოდ მიღების სქემას.

წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსებულთა ნაწილი დანაშაულს აღიარებს, ნაწილის პოზიცია კი სასამართლო სხდომაზე გახდება ცნობილი.

ორი ქვეყნის საგამოძიებო უწყებების ერთობლივი მუშაობის შედეგად დაკავებულია სულ 3 პირი, დევნა კი 6-ის მიმართ დაიწყო. ბრალდებულებს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ადვოკატის, დათა კუპრავას განცხადებით დაცვის მხარე, სასამართლო პროცესზე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობას დააყენებს.

"დაცვის მხარეს ექნება აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების მოთხოვნა. დეტალებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ. დღეს მიმართავს სასამართლოს პროკურატურა და წესით, დღის ბოლომდე უნდა ჩაინიშნოს აღკვეთის სასამართლო", - განაცხადა დათა კუპრავამ.

ადვოკატი, ივანე ნორაკიძის თქმით კი, ამ ეტაპზე დაკავებულებისთვის მხოლოდ ბრალის წარდგენა მოხდა.

"ჯერჯერობით, მხოლოდ და მხოლოდ ბრალის წარდგენა მოხდა. დაკავებულის პოზიციას რაც შეეხება, ამას გავაჟღერებთ სასამართლო პროცესზე. ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით, რადგან არ გადმოუცემიათ ყველა მტკიცებულება. როგორც კი გადმოგვეცემა, გვექნება სრული სურათი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით", - განაცხადა ივანე ნორაკიძემ.

დღის ამბები