მასშტაბური საგამოძიებო მოქმედებების მეორე დღე - უკანონო კრიპტომაინინგის კვალი მესტიის მუნიციპალიტეტამდე მიდის. სამართალდამცველებმა სამი სხვადასხვა ლოკაციიდან დამატებით 47 ერთეული ე.წ მაინერი ამოიღეს.
სპეციალური ტექნიკა გამოძიების ინფორმაციით, არალეგალური შემოსავლების მისაღებად გამოიყენება. დიდი რაოდენობით ელექტრო ენერგიის დახმარებით ე.წ კრიპტმაინერები ციფრულ ვალუტას გამოიმუშავებენ. უკანონო ბიზნეს საქმიანობისა და ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია. ბოლო 24 საათის განმავლობაში ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა ჯამში 195 ერთეული კრიპტომაინერი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აქტიურ მუშაობას დადებითად აფასებენ ადგილობრივები. მესტიაში მცხოვრები ადამიანები კურიერთან ჰყვებიან, რომ უსასყიდლოდ მიწოდებული ენერგიის არამიზნობრივად ხარჯვა მათ ბევრ პრობლემას უქმის, მათ შორის არის მუდმივი შეფერხებები ელექტროენერგიის მიწოდების პროცესში.
უკანონო ბიზნესსაქმიანობის პრევენციის მიზნით, მესტიის მუნიციპალიტეტში მთავრობის გადაწყვეტილებით გამრიცხველიანების პროცესი დაიწყება. კრიპტომაინინგის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფო მინისტრმა დააანონსა. მამუკა მდინარაძემ დეტალურად ისაუბრა თუ რა სახის პრობლემებს ქმნის უფასო ელექტროენერგიის არამიზნობრივად გამოყენება. ვიცე პრემიერმა განმარტა, რომ მხოლოდ 2025 წელს მესტიის მუნიციპალიტეტის მიერ ელექტროენერგიის მოხმარებამ 133 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა, რაც ჯამში 15 ქალაქის წლიურ საჭიროებას აღემატება.
მთავრობის გადაწყვეტილებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მყისიერი რეაგირება უკვე მოჰყვა. მეორე დღეა მესტიის მუნიციპალიტეტში აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
მესტიაში საშუალოდ 7-8ჯერ უფრო მეტი ელექტროენერგია იხარჯება, ვიდრე სხვა მუნიციპალიტეტებში. ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების საკითხი დარეგულირებით კი სახელმწიფო დაახლოებით 20 მილიონს დაზოგავს. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის თქმით, პრობლემის გადაჭრა ყველაზე მეტად ადგილობრივებზე აისახება.
უკანონო ბიზნეს საქმიანობის აღმოსაფხვრელად, მესტიის მუნიციპალიტეტში გამრიცხველიანების პროცესი უახლოეს მომავალში დაიწყება. ადგილობრივებისთვის ელექტროენერგია კვლავ უფასო იქნება, თუმცა დაწესდება გონივრული ლიმიტი. ლიმიტის გადაჭარბების შემდეგ კი მომხმარებელს გადასახადის გადახდა მოუწევს.
ავტორი: ნანა გოგატაძე.