საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების მიერ დანაშაულის აღიარებას ეხმაურება და აცხადებს, რომ გარე ძალები, რადიკალების წაქეზებით, ქვეყანაში „ნეპალის მოწყობას“ - სამოქალაქო ომსა და სისხლისღვრას გეგმავდნენ.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბრიუსელიდან წაქეზებული ძალები საქართველოს სამოქალაქო დაპირისპირებისკენ უბიძგებდნენ, რაც 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მოძალადეების აღიარებითმა ჩვენებებმაც დაადასტურა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, საფრთხის თავიდან აცილება უსაფრთხოების სისტემის ეფექტური მუშაობით მოხერხდა. იგი პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ სხვა ბრალდებულებსაც დანაშაულის აღიარებისკენ მოუწოდებს.
„მნიშვნელოვანია, რომ 4 ოქტომბრის მოძალადეების ნაწილმა აღიარა დანაშაული. ეს ჩვენ კიდევ ერთხელ გვახსენებს იმ საბედისწერო მომენტებს 4 ოქტომბრისა, როდესაც საქართველო იდგა მშვიდობასა და დაპირისპირებას შორის.
ჩვენ პირდაპირ ბრიუსელიდან ხელის წაკვრით და წაქეზებით დაგვაყენეს იმ ხაზზე, რომელიც საქართველომ 90-იან წლებში გადაკვეთა და გვქონდა შიდა დაპირისპირება და სამოქალაქო ომი. ამისკენ გვითრევდნენ, როდესაც ამბობდნენ, რომ უნდა მოეწყოთ ნეპალი. ნეპალი სწორედ სამოქალაქო ომს, დაპირისპირებასა და სისხლისღვრას გულისხმობს და ამას დაუჭირა მხარი ევროკომისიამ 4 ოქტომბრამდე. და 4 ოქტომბერს, როდესაც პირდაპირ მიდიოდა ძალადობა, ახლა ამ მოძალადეებმა რომ აღიარეს დანაშაული, როგორც ძალადობა, ასევე აღიარეს მათი მიზანი, რომ ხელში ჩაეგდოთ პრეზიდენტის სასახლე და ამ მიზნის განხორციელების პროცესში, ონლაინ მხარს უჭერდნენ მოძალადეებს რასა იუკნევიჩიენე, მაია სანდუ და ა.შ. პოლიტიკოსები, რომლებიც გამოირჩევიან საქართველოს მიმართ მტრული განწყობებით.
ასე რომ ეს კიდევ ხაზს უსვამს, თუ რამხელა საფრთხის წინაშე იდგა ჩვენი საზოგადოება ბრიუსელის წაქეზებით, რა საფრთხე აიცილა ჩვენმა საზოგადოებამ. და აიცილა იმიტომ, რომ ჩვენი უსაფრთხოების სისტემა იყო მოწოდების სიმაღლეზე და შეძლო ამ სისხლისღვრისკენ მიმართული პროცესის ნეიტრალიზება და მეორე, ეს აჩვენებს კიდევ ერთ რამეს, რომ ამის შემდეგ გაწირეს ეს ადამიანები. სად არის რასა იუკნევიჩიენები და ა.შ. ესენი ისხდნენ ციხეში და ასე გაწირეს ციხისთვის და ისევ საქართველოს სახელმწიფომ გაუწოდა ხელი, რომ აღიარების, სინანულის შემთხვევაში ადეკვატური რეაქცია ჰქონდა პროკურატურას მათ მიმართ.
მე მოვუწოდებდი სხვა მოძალადეებს, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებაში არიან და ამ პროცესის მონაწილეები იყვნენ, აღიარონ საკუთარი დანაშაული. ჩვენთვის ნათელია, რომ ეს დანაშაული იყო წაქეზებული გარედან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.