"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში ვიზალიბერალიზაციის გაუქმების საფრთხე არაერთი წელია არსებობს.
მისი თქმით, როდესაც ხელისუფლება სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს არღვევს, რეფორმების ნაცვლად ანტიდასავლურ კანონებს იღებს, ეს დასავლეთთან კავშირებს აუქმებს.
"რამდენი წელია ეს საფრთხე არსებობს, მათ შორის, ოპოზიციის ჩართულობით ხდება ხოლმე, რომ ეს საფრთხე ავირიდოთ თავიდან, მაგრამ მოთმინების ფიალა სადღაც, ალბათ, უკვე გაწყდება ბრიუსელში. თუ შენ სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს დაარღვევ და რეფორმებს კი არ განახორციელებ, პირიქით, მიიღებ ანტიდასავლურ კანონებს, ამ შემთხვევაში, ის ბმები, რაც გექნება დასავლეთთან გაუქმდება. ეს არის ღირებულებებზე, ნორმებზე დაფუძნებული ალიანსი", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
საქართველოს საგარეო უწყების განმარტებით, ევროკავშირის სავიზო რეგულაციის თანახმად, შეჩერების მექანიზმის მოქმედების პერიოდში, ევროკომისიამ შესაბამის მესამე ქვეყანასთან უნდა დაიწყოს დიალოგი. ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის მოწვევით, ხუთშაბათს, ბრიუსელში საქართველოს მხარესა და ევროკომისიას შორის დიალოგის პირველი შეხვედრა გაიმართება.