08 ივნისი 2026,   18:28
ვრცლად
მაკა ბოჭორიშვილი: წლების განმავლობაში სამმხრივი ფორმატი რეგიონული თანამშრომლობის ერთ-ერთი ეფექტიანი და წარმატებული მექანიზმი გახდა. მოხარული ვარ, რომ დღეს შეგვიძლია შევაფასოთ თანამშრომლობის პრაქტიკული შედეგები

სტამბოლში გამართულ საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მე-10 სამმხრივ შეხვედრაზე, საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას და ხაზი გაუსვეს სამმხრივი ფორმატის მნიშვნელობას რეგიონული სტაბილურობისა და ეკონომიკური დაკავშირებადობისთვის.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, სამმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მან ისაუბრა რეგიონული უსაფრთხოების, ენერგეტიკული დაკავშირებადობისა და "შუა დერეფნის" განვითარების პერსპექტივებზე და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, აქტიურად შეუწყოს ხელი რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და ეკონომიკური კეთილდღეობის განმტკიცებას.

"მოგესალმებით, პატივცემულო მინისტრებო, პატივცემულო დელეგაციის წევრებო, პატივცემულო მედიის წარმომადგენლებო, პირველ რიგში მადლობას გადავუხდი ჩემს კოლეგას, საგარეო საქმეთა მინისტრს ბატონ ჰაქან ფიდანს და მის გუნდს შესანიშნავი მასპინძლობისთვის ამ ულამაზეს ქალაქში. დღეს თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ სტამბოლში საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მე-10 სამმხრივი შეხვედრა გაიმართა და მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა ჩემს ძვირფას კოლეგებთან ერთად კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო პოლიტიკური დიალოგი, ურთიერთნდობა და თანამშრომლობის სტრატეგიული მნიშვნელობა.

ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ არა მხოლოდ სამი სახელმწიფოს წარმომადგენლები, არამედ როგორც პარტნიორები, რომლებსაც გვაერთიანებს მშვიდობის, კეთილდღეობისა და განვითარების საერთო ხედვა. წლების განმავლობაში ჩვენმა თანამშრომლობამ ნათლად აჩვენა, რომ ურთიერთპატივისცემასა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული პარტნიორობა მნიშვნელოვან შედეგებს იძლევა როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის, ისე მთელი რეგიონისთვის.

საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი წლების განმავლობაში წარმოადგენენ წარმატებული რეგიონული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითს, რომელიც ეფუძნება თანასწორობას, ურთიერთპატივისცემასა და საერთო ინტერესების გათვალისწინებას. ჩვენი პარტნიორობის წარმატებას ადასტურებს არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული თუ სატრანსპორტო პროექტი, რომლებიც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის არის მნიშვნელოვანი.

წლების განმავლობაში სამმხრივი ფორმატი რეგიონული თანამშრომლობის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიანი და წარმატებული მექანიზმი გახდა და მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ ამ კარგი თანამშრომლობის პრაქტიკული შედეგები. თანამედროვე საერთაშორისო გარემოში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, სამმხრივი ფორმატი გვაძლევს შესაძლებლობას, საერთო ინტერესების განსახორციელებლად კოორდინირებულად ვიმუშაოთ.

დღეს ჩემს კოლეგებთან ერთად განვიხილეთ რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, არსებული გამოწვევები და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების და გაძლიერების შესაძლებლობები. ხელი მოვაწერეთ ერთობლივ დეკლარაციას, რომელშიც ასახულია ჩვენი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები.

საქართველოს თურქეთთან და აზერბაიჯანთან აკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა და მრავალმხრივი თანამშრომლობა. ჩვენი ურთიერთობები ეფუძნება კეთილმეზობლობას და ნდობას. თურქეთი და აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორები არიან. ჩვენი თანამშრომლობა მოიცავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ, თავდაცვის, კულტურულ, ტექნოლოგიურ და სხვა მნიშვნელოვან სფეროებს. დღეს ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს და მშვიდობის უზრუნველყოფის თემებს. ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობა და სტაბილურობა წარმოადგენს როგორც რეგიონის განვითარების, ისე უფრო ფართო საერთაშორისო უსაფრთხოების მნიშვნელოვან წინაპირობას.

ჩვენი საერთო მიზანია ჩვენი რეგიონის ჩამოყალიბება თანამშრომლობის, ეკონომიკური განვითარების, დაკავშირებადობისა და კეთილდღეობის სივრცედ, სადაც სახელმწიფოები შეძლებენ არსებული პოტენციალის სრულად გამოყენებას და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებას. მივესალმებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას და გამოვთქვათ იმედს, რომ ეს პროცესი რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს. საქართველო, თავის მხრივ, მზად არის, განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის განმტკიცების საქმეში. ასევე მივესალმებით თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მიმართულებით მიღწეულ პროგრესს.

საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია რუსეთის მიერ და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება წარმოადგენს უსაფრთხოების გამოწვევას არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი თურქეთის რესპუბლიკას და აზერბაიჯანის რესპუბლიკას მტკიცე მხარდაჭერისათვის.

დღეს ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონული დაკავშირებადობის, სატრანსპორტო და ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხებზე. ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული მდებარეობა და არსებული ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპისა და აზიის დაკავშირებადობის თვალსაზრისით. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას ჩვენი ქვეყნების როლის გასამტკიცებლად, რომელიც ხელს უწყობს უსაფრთხო, მდგრადი და ეფექტიანი სატრანზიტო, სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების განვითარებას, ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი საიმედო ხიდის ფუნქციის შესრულებას. ამ კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღება გავამახვიეთ შუა დერეფანზე, რომელიც დღეს საერთაშორისო ვაჭრობისა და ტრანზიტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მარშრუტად ყალიბდება. გამოვხატეთ მზადყოფნა, გავაგრძელოთ მჭიდრო თანამშრომლობა მისი კონკურენტუნარიანობის, ეფექტიანობისა და მიმზიდველობის კიდევ უფრო გასაზრდელად. მივესალმეთ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის სრულფასოვან ამოქმედებას, რომელიც შუა დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და დამატებით შესაძლებლობებს შექმნის რეგიონული დაკავშირებადობის გასაძლიერებლად.

განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის მნიშვნელოვანი როლი ენერგორესურსების ტრანსპორტირებისა და ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით. ხაზი გაესვა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის პროექტების წარმატებას, აგრეთვე სამხრეთის გაზის დერეფნის სტრატეგიულ მნიშვნელობას. ამასთან, ყურადღება გავამახვიეთ მწვანე ენერგეტიკული დერეფნის განვითარებაზე, რაშიც ასევე, ჩვენს ქვეყნებს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ. ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტს, რომელიც ხელს შეუწყობს შავი ზღვის რეგიონის და ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას და რეგიონთაშორისი თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების შექმნას.

ვისაუბრეთ, ასევე, სხვადასხვა სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაფართოებაზე და ახალი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობებზე. არსებობს მტკიცე პოლიტიკური ნება, რომ ჩვენი პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და უფრო მეტ კონკრეტულ შედეგში აისახოს. დასასრულს, მსურს აღვნიშნო, რომ დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის თანამშრომლობის განსაკუთრებული მნიშვნელობა, ჩვენი პარტნიორობის სიმტკიცე და სამომავლო განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნების მჭიდრო პარტნიორობა მომავალშიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის, დაკავშირებადობისა და ეკონომიკური განვითარების განმტკიცებაში. საქართველო კვლავაც დარჩება საიმედო პარტნიორად და აქტიურად განაგრძობს ძალისხმევას საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიმართულებით. შევთანხმდით, რომ შემდეგი შეხვედრის მასპინძელი იქნება საქართველო - მომდევნო მინისტერიალი საქართველოში გაიმართება. მოუთმენლად ველი მომავალ წელს, რომ გიმასპინძლოთ ჩვენს ქვეყანაში თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს. კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი ჩემს თურქ კოლეგას თბილი მასპინძლობისთვის. მადლობა!" - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

დღის ამბები