მორიგი შანტაჟი ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მუქარით - ასეთია "ქართული ოცნების" შეფასება 11 ივნისს ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე.
მმართველი გუნდის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა ტექნიკური ხასიათისაა, ევრობიუროკრატების მხრიდან შანტაჟი გრძელდება.
"რთული მოლაპარაკებები იქნება ამასთან დაკავშირებით, ვინაიდან გაცხადებული აქვთ ასეთი პოლიტიკა, რომ მთელი საზოგადოება უნდა დაისაჯოს იმის გამო, რომ "ქართულ ოცნებას" აძლევს ხმას უმრავლესობა. არის მეორე საკითხი, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ - თვითონ დაყენებული მოთხოვნები არის იმ რიგად ჩამოყალიბებული, რომ პრაქტიკულად ადგილს არ უტოვებს სახელმწიფოს, ხელმძღვანელობას სამსჯელოდ. მუშტს გირტყამენ მაგიდაზე.
ერთადერთი რაც შეიძლება იფიქრო, რომ ეს არის რეალურად შანტაჟის მექანიზმი იმისათვის, რათა უკან დაიხიო და ჩაერთო საქართველოსთვის იმ დამანგრეველ პოლიტიკაში, რომელიც გარკვეულწილად გულისხმობს საქართველოს გამოყენებას, როგორც საზარბაზნე ხორცს იმ დაპირისპირებაში, რომელიც მიმდინარეობს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.
საქართველოს საგარეო უწყების განმარტებით კი, ევროკავშირის სავიზო რეგულაციის თანახმად, შეჩერების მექანიზმის მოქმედების პერიოდში, ევროკომისიამ შესაბამის მესამე ქვეყანასთან უნდა დაიწყოს დიალოგი. ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის მოწვევით ხუთშაბათს ბრიუსელში საქართველოს მხარესა და ევროკომისიას შორის დიალოგის პირველი შეხვედრა გაიმართება.