ყოფილ ბავშვთა მეხუთე საავადმყოფოს ავარიულ შენობაში მცხოვრებ ოჯახებს ახალი საცხოვრებელი ფართები გადაეცათ. პაატა სააკაძის ქუჩის 19-ში მდებარე ავარიულ შენობაში მცხოვრები მოქალაქეები ახალ, გარემონტებულ ბინებს მიიღებენ. 45 ოჯახს საცხოვრებელი ფართების გასაღები თბილისის მერმა კახა კალაძემ გადასცა.
საავადმყოფოს ყოფილი შენობა წლების განმავლობაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახებისა და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების საცხოვრებელ სივრცეს წარმოადგენდა. ნაგებობა მძიმედ ავარიული და საფრთხის შემცველი იყო.
თბილისის მერიამ 2019 წლიდან დაიწყო მუშაობა და ჩუღურეთის რაიონშივე, კაპანაძის ქუჩის N4-ში გამოიყო მიწის ნაკვეთი, სადაც ახალი საცხოვრებელი კორპუსები აშენდა. სარემონტო ხარჯებს მუნიციპალიტეტი სრულად აფინანსებს.
"ამ ოჯახებმა რთული გზა გაიარეს, ვიდრე აქ აღმოჩნდებოდნენ. ისინი სხვებთან ერთად, ჩუღურეთის რაიონში ყოფილ ბავშვთა, ნომერ მეხუთე საავადმყოფოს შენობაში ცხოვრობდნენ, რომელიც საცხოვრებლად არ იყო განკუთვნილი. 118 ოჯახს ცხოვრება უწევდა ყოფილი საავადმყოფოს სივრცეში, სადაც ელემენტარული საცხოვრებელი პირობები არ არსებობდა", - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, თბილისის მერიამ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა 2019 წლიდან დაიწყო. კერძოდ, ჩუღურეთის რაიონში, ოთარ კაპანაძის ქუჩა N4-ში მოიძებნა მიწის ნაკვეთი, რომელიც თბილისის მერიას გადაეცა. ასევე, შემუშავდა განაშენიანების რეგულირების გეგმა, გამოცხადდა ტენდერი და აშენდა ახალი საცხოვრებელი კორპუსები.
"ავარიული კორპუსიდან ახალ საცხოვრებელში გადასვლა მხოლოდ შენობის შეცვლა არ არის. ეს არის ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება - უსაფრთხოება, სტაბილურობა, კომფორტი, ქალაქისთვის კი ეს ნიშნავს მოწესრიგებულ საცხოვრებელ გარემოს, გაუმჯობესებულ ინფრასტრუქტურას, უსაფრთხო ურბანულ სივრცეს, რაც ზრდის ქალაქის განვითარების დონეს და ცხოვრების ხარისხს. ეს დღე კიდევ ერთხელ გვანახებს, რომ ქალაქის განვითარება მხოლოდ ინფრასტრუქტურა არ არის. ქალაქის განვითარება, პირველ რიგში, ადამიანებზე ზრუნვას ნიშნავს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია თბილისის განვითარება და მისი ხვალინდელი დღე", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს და ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც აღნიშნულ პროცესში იყო ჩართული, ასევე, კომპანია "ალფა ფროფერთის" წარმომადგენლებს ქალაქისთვის მნიშვნელოვან პროექტში მონაწილეობისთვის.
ღონისძიების დასასრულს დედაქალაქის მერი წულაიების ოჯახსაც ესტუმრა და მათი საცხოვრებელი ბინა დაათვალიერა.
ყოფილი ბავშვთა N5 საავადმყოფოს შენობა წლების განმავლობაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახებისა და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების საცხოვრებელ სივრცეს წარმოადგენდა. შენობის ტექნიკური მდგომარეობის გაუარესების გამო ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ნაგებობა მძიმედ ავარიული და საფრთხის შემცველი იყო.
აღნიშნულ მისამართზე სულ 118 ოჯახი ცხოვრობდა. მათგან 45-ს საცხოვრებელი ფართი პროექტ "გარდენ ჰილსში" გადაეცა, რვა ოჯახი დიდ დიღომში დაბინავდა, 12-მა კი ფულადი კომპენსაცია მიიღო. დანარჩენი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემის პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება. მათი საცხოვრებელი ფართების სარემონტო ხარჯებს მუნიციპალიტეტი სრულად აფინანსებს.
ბინების გადაცემის ღონისძიებას თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილეები, ჩუღურეთის გამგებელი დავით მაქაცარია, ასევე პარლამენტისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.