12 ივნისი 2026,   22:39
ვრცლად
"განუსაზღვრელი შესაძლებლობები" - ქართული დოკუმენტური ფილმი, რომლის მთავარი გმირები ქართველი პარალიმპიელები არიან

ფილმი ადამიანებზე, რომლებმაც ცხოვრების უმძიმესი გამოწვევები პირად გამარჯვებად აქციეს, ბრძოლაზე უარი არ თქვეს და ყველას დაუმტკიცეს, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა. მთავარია, ბრძოლა არ შეწყვიტო.

დოკუმენტური ფილმის მთავარი გმირები არიან ქართველი პარალიმპიელები, რომლებმაც ისტორია დაწერეს და დღეს ქართული სპორტის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ეპოქას ქმნიან.

შრომით, მიზანდასახულობითა და შეუპოვარი ბრძოლით ისინი იმ ცვლილებების სიმბოლოდაც იქცნენ, რომლებიც საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისა და თანასწორობის სფეროში განხორციელდა.

"განუსაზღვრელი შესაძლებლობები" - ასე ჰქვია ქართულ დოკუმენტურ ფილმს, რომლის ჩვენებაც გაეროში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების გენერალურ ასამბლეაზე გაიმართა. ფილმის შექმნას საფუძვლად ქართველი პარასპორტსმენების ისტორიები დაედო. რეჟისორი ბაჩო ოდიშარიაა.

ჩვენებას ნიუ-იორკში რეჟისორთან ერთად, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი დაესწრო.

ფილმი, რომელიც ქართველი პარალიმპიელების წარმატებაზე და ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მოგვითხრობს ფონდი ,"ქართუს" დაფინანსებით შეიქმნა. დოკუმენტურ ნამუშევარს საერთაშორისო ტრიბუნის შემდეგ, სულ მალე, ქართველი მაყურებელიც ნახავს.

ქართველი პარასპორტსმენების ხმა საერთაშორისო თანამეგობრობის ასპარეზზე კიდევ ერთხელ და კიდევ უფრო ხმამაღლა გაჟღერდა. ქართული დოკუმენტური ფილმით კი კიდევ ერთხელ ითქვა, რომ შესაძლებლობები განუსაზღვრელია.

დღის ამბები