12 ივნისი 2026,   19:45
ვრცლად
3 საათი წლის მთავარი მუსიკალური შოუს დაწყებამდე - დინამო არენაზე Kanye West-ის კონცერტისთვის ყველაფერი მზად არის

3 საათი რჩება წლის მთავარი მუსიკალური შოუს დაწყებამდე. დინამო არენაზე ქანიე უესტის კონცერტისთვის უკვე ყველაფერი მზად არის. კარი მაყურებლისთვის 16:00 საათზე გაიხსნა, კონცერტი კი 21:00 საათზე დაიწყება. ამერიკელი მომღერალი Kanye West 21-ე საუკუნის მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გავლენიანი ფიგურაა.

ვარსკვლავის ანგარიშზე 24 "გრემი", 150 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომი და დიდი საკონცერტო გამოცდილებაა. კონცერტის გამო ღამის ორ საათამდე საგანგებო რეჟიმში იმუშავებს მეტრი და ავტობუსები. 

"სთარინგ ჯორჯიას" სტრატეგიული განვითარების საბჭოს კრეატიული ხელმძღვანელი, ციცი იაშვილი ამბობს, რომ ეს იქნება დაუვიწყარი შოუ, რომელსაც ქართველი მაყურებელი გაიზიარებს. 

"დღეს მოსული ადამიანები მიიღებენ იმხელა შთაბეჭდილებას და იმხელა ემოციით დაიმუხტებიან, რომ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს იქნება ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოცდილება, რომელიც თავის ელფერს არასდროს დაკარგავს და მთელი ცხოვრების განმავლობაში ზუსტად ისეთივე ემოციით გაგვახსენდება, როგორსაც დღეს ქანიე დაგვმუხტავს. ეს არის შოუ, რომელიც აბსოლუტურად ყველა წარმოსახვას სცდება და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არ არის კონცერტი, ეს არის იმერსიული გამოცდილება, რომელიც შემოსვლისთანავე და პირველი განათებების და გახმოვანების სისტემის ჩართვისთანავე გადაგვიყვანს აბსოლუტურად სხვა სამყაროში, რომელიც დაგვაკავშირებს აბსოლუტურად სხვა ორბიტასთან და საქართველოს და ქართველ მელომანებს გახდის გლობალური ღონისძიების თანაზიარად", - აცხადებს ციცი იაშვილი. 

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები