თითოეული დღე სატყეო სკოლის მონაწილეებისთვის ახალი გამოცდილებითა და აღმოჩენებითაა სავსე. ამჯერად ბანაკი მოზარდებისთვის ბორჯომში მოეწყო. მოსწავლეები, რომლებიც მთელი ქვეყნიდან შეარჩიეს, ბორჯომ-ხარაგაულის ტყე პარკის უნიკალურ ეკოსისტემას ეცნობიან.
პრაქტიკული აქტივობები და თავგადასავლები სატყეო სკოლის განუყოფელი ნაწილია. მოზარდებს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები უტარებენ. სწავლობენ კარვის აწყობისა და დაშლის, ასევე, ბუნებაში უსაფრთხოდ გადაადგილების წესებს.
სასწავლო პროექტი ყოველწლიურად მაღალი ინტერესით და აქტიური ჩართულობით გამოირჩევა. ახალგაზრდები პროექტში ღია კონკურსის შედეგად მოხვდნენ. სატყეო სკოლა VII-IX კლასის მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი.
სატყეო სკოლა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის პროგრამაა და უკვე მეხუთე წელია ხორციელდება. ქვეყნის თითქმის ყველა კუთხეში თეორიული და პრაქტიკული სწავლება უკვე ასობით ახალგაზრდამ გაიარა.
ავტორები: ირაკლი კოშაძე, იზო ჩუბინიძე