ქარელში, ზღუდერის წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევებზე, ახალი ტაძრის უნებართვო მშენებლობას განცხადებით გამოეხმაურა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო.
უკანონო მშენებლობის ფაქტი უწყებამ გასულ წელს გამოავლინა. სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით წერილობით მიმართა სამუშაოების უშუალოდ განმახორციელებელ, რუის-ურბნისის ეპარქიას.
ადგილზე მონიტორინგის სამსახური ვითარებას ხელახლა აფასებს, რის შემდეგაც კანონით განსაზღვრული ზომები გატარდება. სააგენტო მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, იმოქმედონ კანონის ფარგლებში და არ დაუშვან ისტორიული ძეგლების დაზიანება.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი, თეა ონიანი სამუშაოების თაობაზე სააგენტოს მიერ არ ყოფილა გაცემული შესაბამისი ნებართვა.
"სამუშაოები არის უნებართვო, ამ სამუშაოების თაობაზე სააგენტოს მიერ არ ყოფილა გაცემული შესაბამისი ნებართვა და შესაბამისად, პირველივე შეტყობინებისთანავე, როდესაც ჩვენთვის ცნობილი გახდა აღნიშნული სამუშაოების თაობაზე, სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფმა ადგილზე დააფიქსირა შექმნილი ვითარება. მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის თხოვნით, სააგენტომ დაუყოვნებლივ მიმართა სამუშაოების განმახორციელებელ რუის ურბნისის ეპარქიას, ასევე მიმდინარე სამუშაოების თაობაზე ეცნობა ძეგლის მესაკუთრეს. აღნიშნულის შემდეგ იყო მცდელობა, რომ შეთანხმებულიყო პროექტი სააგენტოსთან და სააგენტოს მიერ მომხდარიყო ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემა. თუმცა, ვინაიდან პროექტი ვერ აკმაყოფილებდა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ნებართვა ვერ იქნა გაცემული და მიმდინარე ეტაპზე შემოწმების მიზნით მივლინებულია ადგილზე მონიტორინგის ჯგუფი. შედეგების დაფიქსირების შემდეგ, სააგენტოს მიერ მიღებულ იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება,“ - აცხადებს თეა ონიანი.