15 ივნისი 2026,   14:04
ვრცლად
"მეუფის კურთხევით დაიწყო მშენებლობა მეორე წელია უკვე, თავის საძირკველზევეა" - მონაზონი პოტამია ზღუდერის წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევებზე ახალი ტაძრის მშენებლობის შესახებ

ქარელში, იქ, სადაც ზღუდერის წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევების მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, არის დედათა მონასტერიც. მონაზონი პოტამია "კურიერთან" საუბრის დროს ამბობს, რომ ნანახი აქვს ტაძრის სამშენებლო პროექტი. მისივე თქმით, რომ პროექტი გადასცა ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოს.

"მეუფის კურთხევით დაიწყო მშენებლობა, მეორე წელია უკვე. თავის საძირკველზევე არის. დაზიანებული ქვები მთლიანად მოიხსნა და გათავისუფლდა. მე როგორც ვიცი, ბლოკით აშენდება, ის ქვები დანომრილია და ყველა ნომერი თავის ადგილას დაედება. პროექტი გვაქვს და იმ პროექტით შენდება. ის პროექტი შემდეგ მოითხოვა ძეგლთა დაცვამ და პროექტი მე რომ ჩამოვიტანე, გადავეცი,“ - ამბობს მონაზონი პოტამია.

მეუფე იობს სამშენებლო სამუშაოების შესახებ, ჯერჯერობით, "კურიერთან" კომენტარი არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, ქარელში, ზღუდერის წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევებზე ახალი ტაძრის მშენებლობას განცხადებით გამოეხმაურა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო.

უკანონო მშენებლობის ფაქტი უწყებამ გასულ წელს გამოავლინა. სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით, წერილობით მიმართა სამუშაოების უშუალოდ განმახორციელებელ რუის-ურბნისის ეპარქიას.

ადგილზე მონიტორინგის სამსახური ვითარებას ხელახლა აფასებს, რის შემდეგაც კანონით განსაზღვრული ზომები გატარდება. სააგენტო მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, იმოქმედონ კანონის ფარგლებში და არ დაუშვან ისტორიული ძეგლების დაზიანება.

 

დღის ამბები