16 ივნისი 2026,   16:23
ვრცლად
საქართველოს მოტივაცია არ იყო, რომ უცხო გავლენებისგან დაეცვა თავი - გრიგოლ გეგელია გამჭვირვალობის კანონზე

რუმინეთის სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ფონდებს ფინანსურ გამჭვირვალობას ავალდებულებს. ახალი რეგულაციით, სექტორმა ყოველწლიურად უნდა წარადგინოს დეკლარაცია ყველა შემოსავლისა და 5 000 ლეუზე – ანუ, დაახლოებით 1 100 დოლარზე მეტი დონაციის წყაროს მითითებით. ვალდებულების შეუსრულებლობა თავდაპირველად ორგანიზაციის საქმიანობის შეჩერებას, საბოლოოდ კი მის გაუქმებას გამოიწვევს.

პარტია ”ლელო - ძლიერი საქართველოს” საერთაშორისო მდივანი გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ ნამდვილ გამჭვირვალობას მხარს ყოველთვის დაუჭერს. 

"რუმინული კანონი და ასეთი სხვა ბევრი კანონია, აშშ-საც აქვს მსგავსი კანონები, საფრანგეთსაც და ა.შ. ის კანონები იცავს ქვეყანას მავნე გავლენებისგან. საქართველოს მოტივაცია არ იყო, რომ უცხო გავლენებისგან დაეცვა თავი. ეგ არის რეალურად მომართული იმისკენ, რომ დასავლური პოლიტიკური გავლენა და გრანტები შემცირებულიყო. აი, ნამდვილ გამჭვირვალობას კი ყოველთვის, ყოველთვის დავუჭერ მხარს, რადგან არ მგონია, რომ ფინანსური ან პოლიტიკური კუთხით ვინმეს რამე უნდა ჰქონდეს დასამალი,"- აცხადებს გრიგოლ გეგელია. 

რუმინეთში საკანონმდებლო ცვლილებას მხარი 75-მა სენატორმა დაუჭირა, მათ შორის როგორც სამთავრობო კოალიციის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებმა. კანონპროექტი განსახილველად დეპუტატთა პალატას უკვე გადაეცა.

 

დღის ამბები