ანალიტიკოსი გია აბაშიძე, "ლელოს" წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის "უღატაკესი" ქვეყანაა.
აბაშიძის შეფასებით, აღნიშნული განცხადება რეალურ ეკონომიკურ მაჩვენებლებს არ შეესაბამება და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) უახლესი მონაცემებითაც არ დასტურდება.
"ნაცპოლიტიკანების ერუდიცია მუდმივად "ფოცხზე ფეხს ადგამს", როდესაც საუბრობს პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე; "ლელოს" თვითდეგრადირებულმა სალომე სამადაშვილმაც ეს დაადასტურა, როცა თქვა, რომ თურმე საქართველო "უღატაკესია" ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში. საინტერესოა, ვინ არის მისი მთავარი ეკონომიკური "მრჩეველი", რომან-კუპონ გოცირიძე ხომ არა? თაღლითების კანტორაში კიდევ უფრო დაბლაგვდებოდა სალომე სამადაშვილის ე.წ. ხედვები.
დიდი ხნის წინ პოლიტიკურად გაკოტრებული სალომე სამადაშვილის სიყალბეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) 2026 წლის უახლესი მონაცემები ადასტურებს. IMF-ის მიხედვით, ნომინალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე ასე გამოიყურება: საქართველო - $10,346; მოლდოვა - $8542 და უკრაინა- $6499.
ამასთან, რამდენიმე დღის წინ, IMF-ის აღმასრულებელმა საბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით გამოაქვეყნა ანგარიში სახელწოდებით - "საქართველო: 2026 წლის IV მუხლის ფარგლებში ჩატარებული კონსულტაციები“, რომლის თანახმადაც, საფინანსო ორგანიზაცია საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 6.5%-მდე აუმჯობესებს და აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკონომიკამ შეინარჩუნა მდგრადობა გაზრდილი გლობალური გაურკვევლობის პირობებში, მათ შორის, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე. რეალური მშპ 2025 წელს 7.5 პროცენტით გაიზარდა და ძლიერი დარჩა 2026 წლის დასაწყისშიც", - წერს აბაშიძე.