თბილისში კიდევ ერთი მუნიციპალური სპორტული ცენტრი აშენდება. დიღმისა და სამგორის რაიონების შემდეგ პროექტი ვაკის ტერიტორიაზე განხორციელდება. თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურა წყნეთის გზატკეცილზე, საბურთალოსა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მიმდებარედ ამ აუთვისებელ სივრცეში მოეწყობა.
ღია და დახურული საცურაო აუზები, საფეხბურთო მოედანი, ფიტნეს დარბაზი და ორი პადელის კორტი - პროექტის შესყიდვის მიზნით თბილისის მერიამ კონკურსი უკვე გამოაცხადა. ცენტრის მთავარი მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტ მოქალაქეს მიეცეს სპორტით დაკავების, ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და მაღალი ხარისხის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა.
მსგავსი საზოგადოებრივი ცენტრები უკვე წარმატებით ფუნქციონირებს დიღომსა და სამგორში, სადაც ყოველდღიურად ასობით ადამიანი ვარჯიშობს, ცურავს და თავისუფალ დროს ჯანსაღ გარემოში ატარებს. სპორტული სივრცეები ყველა ასაკის მოქალაქეზეა გათვლილი. განსაკუთრებული პირობებითა და შეღავათებით სარგებლობენ სპეციალური საჭიროების მქონე პირები და 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები.
ვაკეში ახალი სპორტული ცენტრის საპროექტო კონკურსი 17 ივლისს დასრულდება. კომპლექსი ერთ სივრცეში აქტიურ ცხოვრებას გააერთიანებს.