18 ივნისი 2026,   01:05
ვრცლად
"ანტითურქულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული და რეალობას მოკლებული დოკუმენტი" - თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებულ 2025 წლის ანგარიშს აკრიტიკებს

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებულ 2025 წლის ანგარიშს ანტითურქულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული, რეალობას მოკლებული დოკუმენტი უწოდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ დოკუმენტი მიზანმიმართული პოლიტიკური დღის წესრიგის ფარგლებშია მომზადებული და ევროპარლამენტის ცალკეული წევრების იდეოლოგიურ მიდგომებს ასახავს

"ევროპარლამენტის გენერალურ ასამბლეაზე დღეს, 17 ივნისს მიღებული თურქეთის 2025 წლის ანგარიში შეიცავს რეალობასთან შეუსაბამო შეფასებებს, რომლებიც ეფუძნება ანტითურქული წრეების უსაფუძვლო მტკიცებებსა და დეზინფორმაციას.

დოკუმენტი მიზანმიმართული პოლიტიკური დღის წესრიგის ფარგლებშია მომზადებული და ევროპარლამენტის ცალკეული წევრების იდეოლოგიურ მიდგომებს ასახავს. აშკარაა, რომ ანგარიში მიზნად ისახავს არსებული პოზიტიური დღის წესრიგის ჩრდილში მოქცევას იმ პერიოდში, როდესაც თურქეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების სტრატეგიული მნიშვნელობა იზრდება. ეს მიდგომა ხელსაყრელ პირობებს უქმნის ტერორისტულ ორგანიზაციებსა და ანტითურქულ წრეებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროპარლამენტი შორს არის ორმხრივი ურთიერთობების მომავლის სტრატეგიული ხედვისგან.

კატეგორიულად უარვყოფთ ანგარიშში დამოუკიდებელი თურქული მართლმსაჯულების მიერ წარმოებული სამართლებრივი პროცესების დამახინჯებას და იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ გამოთქმულ უსაფუძვლო ბრალდებებს.

თურქული მართლმსაჯულება, როგორც სახელმწიფო სუვერენიტეტის ერთ-ერთი ფუნდამენტური საყრდენი, გამორიცხავს ნებისმიერი საერთაშორისო ინსტიტუტის, საგარეო აქტორისა თუ პოლიტიკური წრის ჩარევას. მიუღებელია ინიციატივები, რომლებიც პოლიტიკური მოტივებით მიზანში იღებენ სასამართლო პროცესებს და ეწინააღმდეგებიან სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს.

მზარდი გლობალური გამოწვევების ფონზე, ევროპარლამენტისგან მოველით ისეთი მიდგომის გაზიარებას, რომელიც ხელს შეუწყობს კანდიდატ ქვეყანა თურქეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების განვითარებას საერთო ინტერესების საფუძველზე, კონსტრუქციულ პლატფორმაზე", - წერია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.



ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები