18 ივნისი 2026,   00:46
ვრცლად
გაფართოების ახალი წესები - ბრიუსელი კანდიდატი ქვეყნებისთვის შეზღუდვებს არ გამორიცხავს

გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, რამდენიმე დღის წინ, საზოგადოებას ამცნო, რომ ევროკავშირი ახალი წევრებისთვის უფლებრივ შეზღუდვებს განიხილავს. ვეტო და გადამწყვეტი ხმის უფლება, ეკონომიკურ პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა - ამ ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხებზე, სავარაუდოდ, გაერთიანება მომავალ წევრებს წვდომას შეუზღუდავს. სახელისუფლებო გუნდში დაგეგმილ სიახლეს კანდიდატი ქვეყნებისთვის საგანგაშო სიგნალს უწოდებენ. ამბობენ, რომ ქვეყნების დახარისხება ევროკავშირის სადამფუძნებლო პრინციპების ღალატია.

ბრიუსელმა, გაფართოების შემთხვევაში, შეზღუდვების დაწესების დაანონსების პარალელურად, მოლაპარაკებების პირველი კლასტერი უკრაინას და მოლდოვას გაუხსნა. იმ ფონზე, როდესაც საქართველო მათ ყველა პარამეტრით უსწრებს, ქართული ოპოზიციის ნაწილი გადაწყვეტილებას ობიექტურად მიიჩნევს და ცდილობს, საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე ღარიბ სახელმწიფოდ წარმოაჩინოს.

ოპოზიციის მხრიდან სიცრუის ტირაჟირების დასადასტურებლად, დღეს, მმართველი გუნდიდან საზოგადოებას ის საერთაშორისო რეიტინგები და პროგნოზები შეახსენეს, რომელშიც ყველა კომპონენტი საპირისპიროს აჩვენებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2025 წლის მონაცემებით, საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 10 346 დოლარია, მოლდოვაში 8 542, უკრაინაში კი 6 499 დოლარს უტოლდება. საქართველო კანდიდატებს შორის ლიდერობს გლობალური შიმშილის ინდექსითაც. ამ კუთხით, ქვეყანა მსოფლიოს ტოპ 20 ქვეყანაშია, მოლდოვა და უკრაინა კი ევროპის უკანასკნელ სამეულში შედიან.

ევროკავშირის სადამფუძნებლო პრინციპების წინააღმდეგ ბრძოლად და ქვეყნების სეგრეგაციის მცდელობად აფასებს კოსის განცხადებას პარტია "ნეიტრალური საქართველო". პოლიტიკოსების თქმით, ამ ფაქტმა ევროინტეგრაციის საფრთხეები გამოაჩინა. პარტიაში ფიქრობენ, რომ ახალი წევრებისთვის გადამწყვეტი ხმის უფლების შესაძლო ჩამორთმევა მათ, პრაქტიკულად, ეროვნული და სტრატეგიული ინტერესების დაცვის შესაძლებლობას უსპობს.

გასული დღეებისგან განსხვავებით, ოპოზიცია კოსის განცხადებას უაპელაციოდ აღარ იცავს. თუმცა, ამტკიცებენ, რომ ინფორმაცია, რომელიც ევროკომისარმა გააჟღერა, ვერ განხორციელდება.

ოპოზიციას ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში, ევროპელ ბიუროკრატებს კი პლურალისტური პრინციპებისგან გადახვევაში ადანაშაულებენ სახელისუფლებო გუნდში. ამბობენ, რომ თუ ბრიუსელი ასპირანტებისთვის ახალი თამაშის წესებს შემოიღებს, ეს ევროპულ გაერთიანებას სრულიად სხვა სახის პლატფორმად აქცევს.

ევროკომისიამ უკრაინას და მოლდოვას გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების პირველი კლასტერი ორი დღის წინ გაუხსნა. სწორედ აქ გაცხადდა, რომ კავშირში პოტენციური ახალი წევრებისთვის მნიშვნელოვან უფლებრივ შეზღუდვებს არ გამორიცხავენ.

დღის ამბები