17 ივნისი 2026,   23:15
ვრცლად
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, ისრაელის ახლადდანიშნულ ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ვალიდ აბუ ჰაიასთან.

შეხვედრაზე ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე და აღინიშნა, რომ საქართველო-ისრაელის სავაჭრო ბრუნვა მიმდინარე წელს მაღალი, 33%-იანი ზრდით ხასიათდება.

მარიამ ქვრივიშვილმა ელჩთან ისრაელ-საქართველოს შორის ტურიზმის მიმდინარე ტენდენციები და საჰაერო მიმოსვლის შემდგომი გაფართოების პერსპექტივები განიხილა. ხაზი გაესვა, რომ საქართველო ისრაელისთვის რიგით მესამე ტურისტულ მიმართულებას წარმოადგენს, რასაც ხელს უწყობს პირდაპირი ფრენები.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობას.

ეკონომიკის მინისტრმა ახლადდანიშნულ ელჩს წარმატებული საქმიანობა უსურვა.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე დაესწრო.

დღის ამბები