18 ივნისი 2026,   18:54
ვრცლად
რევაზ სოხაძემ სკოლების პროექტების შეფერხების მიზეზებზე, გადადგმულ ნაბიჯებზე და შემდგომ გეგმებზე ისაუბრა

"ჩვენთვის სკოლა და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა პრიორიტეტია და ჩვენი მიზანია, მოსწავლეებს შევუქმნათ სრულფასოვანი და უსაფრთხო სასწავლო გარემო”-ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ სკოლების დირექტორებთან შეხვედრაზე განაცხადა.

არსებული მდგომარეობისა და მიმდინარე სამუშაოების შესახებ 70 სკოლის დირექტორებსა და მშობლებს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი შონიამ ინფორმაცია მიაწოდეს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საჯარო სკოლების შეფერხებული მშენებლობებისა და პრობლემური პროექტების მართვას აქტიურად აგრძელებს.

კითხვა-პასუხის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე მონაწილეებს თითოეული პროექტის მიმდინარე სტატუსი, დაგეგმილი ღონისძიებები და განხორციელების ვადები გააცნეს.
მინისტრმა სკოლების პროექტების შეფერხების მიზეზებზე, გადადგმულ ნაბიჯებზე და შემდგომ გეგმებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოწვეული იყო სხვადასხვა საკითხის, მათ შორის იურიდიული, ბიუროკრატიული და საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროებების გამო.

"ყველა პრობლემა იდენტიფიცირებულია და მათ გადასაჭრელად საჭირო ნაბიჯებიც გადავდგით. მიღებულია მთავრობის დადგენილებები, ჩატარებულია ექსპერტიზები და განხორციელებულია საკანონმდებლო ცვლილებები. ჩვენ მზად ვართ სკოლის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღოთ გადაწყვეტილება, ავიღოთ პასუხისმგებლობა და პროცესები რაც შეიძლება სწრაფად წარვმართოთ. კარგად გვაქვს გააზრებული, რომ თქვენი ნდობა უნდა დავიმსახუროთ" - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მინისტრმა ხაზი გაუსვა პროცესის გამჭვირვალობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ სკოლების დირექტორებს განახლებული, რეალური ინფორმაცია ნებისმიერ დროს მიეწოდებათ. რევაზ სოხაძის თქმით, სკოლების დირექტორებთან პირდაპირი კომუნიკაცია კვლავ გაგრძელდება, მათ შორის ადგილზე შეხვედრების ფორმატშიც.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სახელმწიფო უწყებები ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ იმისთვის, რომ გადაიჭრას სკოლების პროექტების მართვის პროცესში დაგროვილი გამოწვევები.

ამ ეტაპზე, გაუქმებული საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსგან (ESIDA) უფლებამონაცვლეობით გადმოცემული 77 ობიექტის დასასრულებლად, ჯამში 425 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები ხორციელდება. მათ შორის, აქტიურ ფაზაშია 53 ახალი სკოლის მშენებლობა, 14 სკოლის სრული რეაბილიტაცია და 10 სკოლის პროექტირება.

პროცესების დაჩქარებისა და რესურსების ეფექტიანად გამოყენების მიზნით, განათლების სამინისტროს მიერ პრიორიტეტულად განსაზღვრულ 13 სკოლაზე უკვე გამოცხადებულია პროექტირებისა და მშენებლობის ერთიანი შესყიდვა, ხოლო ერთ სკოლაზე – სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა.

ამასთან, 10 სკოლისთვის მზადდება ახალი საპროექტო გადაწყვეტა, რომელიც 2026 წლის განმავლობაში, როგორც განმეორებადი მოდელი, დამატებით დაახლოებით 30 სკოლაზე იქნება გამოყენებული.

ESIDA-სგან გადმოცემულ პროექტებთან მუშაობის პარალელურად, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სახელმწიფო და საერთაშორისო პარტნიორების თანადაფინანსებით დამატებით 53 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას და 45 სკოლის პროექტირებას ახორციელებს.

მსგავსი შეხვედრები ეტაპობრივად გაიმართება ყველა იმ სკოლის წარმომადგენლებთან, რომელთა პროექტებთან დაკავშირებით შესაბამისი პროცედურები დაიწყება.

დღის ამბები