19 ივნისი 2026,   14:56
ვრცლად
სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები - პროკურორი 4 ოქტომბრის საქმეზე გამოტანილ განაჩენზე

სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული 7 პირი, მათ შორის, გიორგი ჩახუნაშვილი დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე, ზაქრო ალბუთაშვილი, დავით სტურუა და ია დარახველიძე წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნო.

ამის შესახებ მედიასთან საქმის პროკურორმა, ვაჟა თოდუამ ისაუბრა.

"სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, მათ შორის ის ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანდა მათ მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებები და სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ქმედებებში.

ერთ-ერთმა პირმა განცხადებით მიმართა პროკურატურას შეთანხმების დადების მოთხოვნით, თუმცა, დღევანდელ პროცესზე განაცხადა, რომ სურდა მის მიმართ საქმე დასრულებულიყო არსებითი განხილვის შედეგად.

აქვე აღვნიშნავ, რომ ამ საქმეზე თავდაპირველად ბრალდებულად ცნობილი იყო 15 პირი, მათგან 8 პირმა მიმართა განცხადებით პროკურატურას, აღიარეს დანაშაული და მოითხოვეს შეთანხმების გაფორმება. თითოეული მათგანის განცხადება დაკმაყოფილდა და მათ სასჯელის სახედ განესაზღვრათ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალათ პირობით მსჯავრად," - განმარტა პროკურორმა.

შეგახსენებთ, დღეს, მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით, ექვს ბრალდებულს - ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძეს, ზაქრო ალბუთაშვილსა და დავით სტურუას 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. რაც შეეხება ია დარახველიძეს, სასამართლომ მას 3 წლით პატიმრობა განუსაზღვრა.

საქმის ამ ეპიზოდს სულ, 15 ბრალდებული ჰყავდა, თუმცა, 8-მ ბრალი აღიარა და მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით საპროცესო შეთანხმება 22 პირთან გაფორმდა.

დღის ამბები