23 ივნისი 2026,   13:42
ვრცლად
პარტიის თავმჯდომარეობა სულ არ მინდოდა. თინა პოლიტიკოსია, შესაბამისად, მესმის, რომ მისთვის მნიშვნელოვანია სტატუსი​ - ნანუკა ჟორჟოლიანი

კრიზისი და ღია დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" ახალ ფაზაში შედის. ექსპრეზიდენტი, რამდენიმე დღის წინ მის მიერვე წარდგენილ საკუთარ რჩეულსაც დაუპირისპირდა.

საჯარო კრიტიკის ფონზე, მიხეილ სააკაშვილმა ვრცელი წერილი გამოაქვეყნა და მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხა, მათ შორის, შიდა დემოკრატიის არარსებობაზე.

ექსპრეზიდენტმა მიმართა ნანუკა ჟორჟოლიანს, რომელმაც ციხეში მყოფი ლიდერის გადაწყვეტილებების წონა ეჭვქვეშ დააყენა, ღია ტექსტით მიმართა.

საკუთარი პოლიტიკური გავლენის დასადასტურებლად, სააკაშვილმა ნელსონ მანდელას მაგალითიც კი მოიყვანა. პარალელურად, თინა ბოკუჩავას უფლებამოსილების ამოწურვამდე ორი კვირით ადრე, თავმჯდომარეობისთვის ბრძოლაში ანა წითლიძეც ერთვება. ამ ინფორმაციას წითლიძე არ უარყოფს.

თავად ნანუკა ჟორჟოლიანი კი აცხადებს, რომ მას არ სურს თავმჯდომარეობა და არ არის ადამიანი, რომელიც რაიმე თანამდებობით მოიხიბლება.

"პარტიის თავმჯდომარეობა სულ არ მინდოდა. პარტიის თავმჯდომარეობა რომ არ მინდოდა, ამიტომ იყო ჩემი მცდელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ვიხვეწებოდი - არ მინდა არანაირი თავმჯდომარეობა, ვიქნები თანათავმჯდომარე, გავაკეთებ ჩემს საქმეს.

თინა პოლიტიკოსია, შესაბამისად, მესმის, რომ მისთვის მნიშვნელოვანია სტატუსი, თინასთვის მნიშვნელოვანია თავმჯდომარეობა. ის სხვა ფორმატში უყურებს საკუთარ თავსაც, სტატუსსაც, მის თანამდებობასაც და ის, რომ მე ეს არ მადარდებს ჩვეულებრივი ამბავია. არ არის თანამდებობა ის, რითაც შეიძლება მოვიხიბლო", - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა ერთ-ერთ ტელევიზიაში საუბრის დროს. 

 

დღის ამბები