24 ივნისი 2026,   22:29
ვრცლად
შოთა ბერეკაშვილი პროდუქტების ფასების პორტალზე: ეს მოგვცემს საშუალებას, მაღალი კონკურენციის ფარგლებში, ჩვენმა მოსახლეობამ საუკეთესო ფასი მიიღოს

დღეიდან ამოქმედდა ელექტრონული პორტალი ekalata.gov.ge, სადაც სხვადასხვა მარკეტის შეთავაზებები და ფასებია განთავსებული.

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების შესახებ საინფორმაციო პორტალი წარადგინა.

ელექტრონული კალათა მომხმარებლებს სხვადასხვა ქსელში საბაზისო პროდუქტებზე არსებულ საუკეთესო შეთავაზებებსა და ფასებს ერთ სივრცეში გააცნობს. ვებგვერდზე ekalata.gov.ge განთავსებული იქნება საოჯახო კალათაში შემავალ 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტზე - 12 უმსხვილეს ქსელში წარმოდგენილი საუკეთესო ფასები.

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ელექტრონული პორტალი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მომხმარებლებისთვის, არამედ ქსელებს შორის კონკურენციის გაზრდის თვალსაზრისითაც.

„კარგი არის იმიტომ, რომ მომხმარებელი უფრო ინფორმირებული გახდება იმ პროდუქტების ფასებზე, რომელიც აქვთ აღნიშნულ სუპერმარკეტებს. ეს ინფორმირებულობა ზრდის კონკურენციას. ასევე, ერთ სისტემაში თავმოყრილი იქნება 12 წამყვანი სუპერმარკეტი, რაც ბუნებრივად კონკურენტულ გარემოს გააუმჯობესებს და პროცესებს გახდის გამჭვირვალეს.

ჩვენი მოლოდინი არის, ყოველი ეს რომ შევაჯამოთ, მოგვცემს საშუალებას, მაღალი კონკურენციის ფარგლებში, ჩვენმა მოსახლეობამ საუკეთესო ფასი მიიღოს და ჩვენი მიზანი არის, რომ იმ პროდუქტების კატეგორია, რომელიც კალათაში შედის, უაღრესად მნიშვნელოვანი არის საქართველოს მოქალაქეებისთვის და მათ ყოველთვის ჰქონდეს საუკეთესო ფასები სუპერმარკეტებში“, - აცხადებს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი.

დღის ამბები