გერმანელი ევროპარლამენტარი რიჰარდ კოლსი ევროკავშირის სანდოობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და აკრიტიკებს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ახალ წევრ ქვეყნებს შესაძლოა 10-15 წლით შეეზღუდოთ ხმის მიცემის უფლება ბიუჯეტსა და საგარეო პოლიტიკაზე.
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას კოლსმა აღნიშნა, რომ მსგავსი „არაგონივრული მიდგომა“ არასწორ სიგნალს უგზავნის კანდიდატებს, ხოლო გაფართოების პროცესში მოლაპარაკებების კლასტერების გახსნა-დახურვის საკითხებზე გადაწყვეტილებების კვალიფიციური უმრავლესობით მიღებას დაუჭირა მხარი.
"მიმაჩნია, რომ ევროკავშირის სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მაშინ, როდესაც კანდიდატი ქვეყნების ნაწილი გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პროცესში უკვე 20 წელია იმყოფება.
დიდ პრობლემას ვხედავ იმაში, რომ ევროკავშირში დაიწყეს მსჯელობა მომავალ წევრ სახელმწიფოებთან მიმართებით წესების შესაძლო შეცვლაზე. აქ ვგულისხმობ ინფორმაციას, რომლის შესახებაც მსურს კომისიისგან განმარტება მოვისმინო: გავრცელებული ცნობებით, ხუთმა წევრმა სახელმწიფომ წამოაყენა წინადადება, რომ მომავალ წევრებს გარკვეული დროით, 10-15 წლით, შეეზღუდოთ ხმის მიცემის უფლებები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ბიუჯეტი და საგარეო პოლიტიკა.
განა ეს მოკლევადიანი და არაგონივრული მიდგომა არ არის, რომელიც კანდიდატ ქვეყნებს სრულიად საპირისპირო სიგნალს უგზავნის? მე მხოლოდ აღმოსავლეთით გაფართოების ქვეყნებზე არ ვსაუბრობ. ვსაუბრობ ასევე ისლანდიაზე, სადაც აგვისტოში რეფერენდუმი გაიმართება, და ნორვეგიაზეც. ჩვენ მათ ვუგზავნით გზავნილს, რომ, ფაქტობრივად, ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ კიდევ 10-15 წლის განმავლობაში არ ექნებათ ხმის მიცემის უფლება ბიუჯეტსა და სხვა ფუნდამენტურ საკითხებზე.
ეს სწორედ ევროკავშირის სანდოობის საკითხია. ჩემი აზრით, გაწევრიანების მთელი პროცესის განმავლობაში, როგორც აქ არაერთხელ აღინიშნა, ყველაფერი დამსახურებაზე უნდა იყოს დაფუძნებული და ასეც უნდა იყოს, რადგან არსებობს მკაფიოდ განსაზღვრული პროცედურები, უნდა ვიმსჯელოთ მოლაპარაკებების კლასტერების გახსნისა და დახურვის საკითხებზე - კვალიფიციური უმრავლესობით გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობაზე. ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება, სრულუფლებიანი წევრობის მინიჭების შესახებ, კონსენსუსით უნდა მიიღებოდეს. ეს საჭიროა არა იმიტომ, რომ ასე გვინდა, არამედ იმისათვის, რომ პოლიტიკური ჩიხი ავიცილოთ. დღეს ვხედავთ შემთხვევებს, როდესაც კანდიდატ ქვეყნებთან მოლაპარაკებების ფარგლებში არ არსებობს არცერთი კონკრეტული საკითხი, რომელიც პრობლემას წარმოადგენს, მაგრამ ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფო, სხვადასხვა პოლიტიკური მიზეზით, მაინც აფერხებს და ფაქტობრივად საბოტაჟს უწევს გაწევრიანების პროცესს.“- აცხადებს რიჰარდ კოლსი.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე