24 ივნისი 2026,   21:45
ვრცლად
"ეს იყო 10-წლიანი ჯოჯოხეთი" - ბენიამინ ნეთანიაჰუმ სასამართლოში ჩვენების მიცემა დაასრულა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა სასამართლოში ჩვენების მიცემა დაასრულა. კორუფციასთან დაკავშირებული პროცესი სამ სხვადასხვა საქმეს მოიცავს. ბენიამინ ნეთანიაჰუ 18 თვის განმავლობაში, ჯამში, 98-ჯერ დაკითხეს.

ნეთანიაჰუ მოწმის სახით სასამართლოს წინაშე პირველად ჯერ კიდევ 2024 წლის 10 დეკემბერს წარდგა. თუმცა, მისი დაკითხვა არაერთხელ გადაიდო ჯანმრთელობის მდგომარეობის, საზღვარგარეთ ვიზიტებისა და უსაფრთხოებასთან თუ დიპლომატიასთან დაკავშირებული იმ საკითხების გამო, რომელიც პრემიერის უშუალო ჩართულობას საჭიროებდა.

ცნობილია, რომ ნეთანიაჰუმ სასამართლოში გამოსვლა პროკურატურის კრიტიკით დაასრულა. მან თავის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას, ბრალდებასა და სასამართლო პროცესს "10-წლიანი ჯოჯოხეთი" უწოდა და განაცხადა, რომ საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული.

მედიის ინფორმაციით, პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალდებებს შორისაა კორუფცია, თაღლითობა და ნდობის ბოროტად გამოყენება.

სასამართლო პროცესი, რომელიც 2020 წლის მაისში დაიწყო, კიდევ რამდენიმე თვე გაგრძელდება, რადგან სასამართლომ დაცვის მხარის დარჩენილი მოწმეების ჩვენებები უნდა მოისმინოს.

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ნეთანიაჰუს დაკითხვა თელ-ავივის საოლქო სასამართლოში მიმდინარეობდა, რადგან იერუსალიმის სასამართლოში მისი დაცვის სათანადოდ უზრუნველყოფა ვერ ხერხდებოდა. ახლა კი პროცესი კვლავ იერუსალიმში გაგრძელდება.






ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები