25 ივნისი 2026,   23:20
ვრცლად
ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ყველა რეზოლუციაში, ყველა განცხადებაში ამბობენ, რომ დგანან საქართველოს მოქალაქეების გვერდით - ანა წითლიძე

საქართველოს სუვერენიტეტის და ეროვნული დამოუკიდებლობის პრინციპების უხეში დარღვევა - ასე აფასებს მმართველი გუნდი ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო რეზოლუციებს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ეს დოკუმენტები შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს სახელმწიფოებრიობის იდეას. მისი თქმით, რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებული ანგარიში დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს უარყოფს, რადგან ხელისუფლების ლეგიტიმურობის განსაზღვრის უფლებას ქართველი ხალხის ნაცვლად, ბრიუსელის ბიუროკრატიას ანიჭებს.

რეზოლუციებთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება პოლიტიკურ პარტიებშიც.

"მართალი გითხრათ, ეს ჩანაწერი არ მინახავს. სამწუხარო ფაქტი ის არის, რომ ქართულ ეკლესიაში რუსული ეკლესიის გავლენები მართლა ძალიან გაიზარდა ბოლო პერიოდში - ეს ძალიან ცუდია," - განაცხადა პარტია "ახალის" ლიდერმა, ნიკა გვარამიამ.

ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ დასავლელი პარტნიორები არათუ არღვევენ ქვეყნის სუვერენიტეტს, არამედ საქართველოს მოქალაქეების გვერდით დგანან.

"საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევა არის არა ის, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ახლა აკეთებენ - ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, პირიქით, ეხმარებიან ახლა საქართველოს და ყველა რეზოლუციაში, ყველა განცხადებაში ამბობენ, რომ ისინი დგანან საქართველოს მოქალაქეების გვერდით და აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რას თვლიან და რას არ თვლიან საქართველოს მოქალაქეები, ამას გადაწყვეტენ საქართველოს მოქალაქეები," - განაცხადა პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ანა წითლიძემ.

საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული რეზოლუციების მთავარ მიზნებზე ამახვილებენ ყურადღებას პარტიაში "საქართველოსთვის".

"რეალობა არის ის, რომ ნებისმიერი ასეთი ტიპის საერთაშორისო ორგანიზაციის სამართლებრივი თუ პოლიტიკური შეფასება, მიღებული რეზოლუცია ემსახურება ერთადერთ მიზანს - ქვეყანაში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის გამოსწორებას და გაუმჯობესებას. ევროპარლამენტის რეზოლუცია წმინდა წერილი არასდროს არ ყოფილა საქართველოს მოქალაქეებისთვის - რაღაც შეიძლება მომწონდეს ამ რეზოლუციიდან, რაღაც არ მომწონდეს. ეკლესიასთან მიმართებით ევროპარლამენტის შეფასებას შეიძლება არ ვეთანხმებოდე კონკრეტულ შემთხვევაში," - განაცხადა პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, ბერდია სიჭინავამ.

დღის ამბები