26 ივნისი 2026,   10:06
ვრცლად
სასამართლომ 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე დაკავებულ პირებს, აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე დაკავებულ პირებს, აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულია ორგანიზებული ჯგუფის 17 წევრი, ხოლო მიმალვაში მყოფი 3 პირის მიმართ გამოცხადდება ძებნა.

ბრალდება ასევე წარედგინა 11 ფიზიკურ პირს, რომლებმაც ითანამშრომლეს გამოძიებასთან და ხელი შეუწყვეს მასშტაბური დანაშაულებრივი სქემის გამოვლენას, მათ მიმართ სასამართლომ საპატიმრო ღონისძიება არ გამოიყენა.

"კურიერის" მოპოვებული ინფორმაციით, ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე და ოთარ ფარცხალაძის საქმეზე ძებნილი ერთ-ერთი პირი მიხეილ ჩოხელია. ის წლების წინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მუშაობდა. მისი სახელი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეშიც ფიგურირებს. გასულ წელს ჩოხელის და მისი ოჯახის წევრის სახლიდან თითქმის 3 მილიონი დოლარი ამოიღეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებასა და საქმის დეტალებზე ბრალდებულების ინტერესების დამცველი საუბრობს.

"გამოძიება ედავება 332-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენას - ეს არის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. ჩვენ, ამ ეტაპზე, რისი განხილვაც იყო და რა პროცესიც შედგა, ამომწურავად გავეცით პასუხი, თუმცა მივიჩნევთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სათანადოდ წარვდექით სასამართლოს წინაშე, სასამართლომ არ გაითვალისწინა ჩვენი პოზიცია და შეუფარდა პატიმრობა," - განაცხადა ადვოკატმა, ვახტანგ კვიჟინაძემ.

საქმის პროკურორმა იმ გარემოებებზე ისაუბრა, თუ რატომ შეეფარდათ პატიმრობა საქმეში ფიგურანტ სხვა პირებს.

"სასამართლომ ჩვენი დასაბუთება სრულად გაიზიარა და ყველა ბრალდებულის მიმართ გამოიყენა აღკვეთის ღონისძიების უმკაცრესი სახე - პატიმრობა. რაც შეეხება სხვა პირებს, რომლებიც ამ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულები არიან დაკავების გარეშე, მათ მიმართ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების შეფარდების გარეშე, გამომდინარე იქიდან, რომ თითოეული მათგანი გამოძიების ეტაპზე აღიარებს მათთვის ბრალად შერაცხილ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას, ამავდროულად, თანამშრომლობს გამოძიებასთან და უთითებენ იმ კონკრეტულ პირებს, რომლებიც ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში იყვნენ ჩართულები და შესაბამისი როლები ჰქონდათ განაწილებული," - განაცხადა პროკურორმა, გრიგოლ ნიშნიანიძემ.

დღის ამბები