"მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების ყველა ჯგუფი და განსაკუთრებით ახალგაზრდობა იყოს ჩართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში და აღმშენებლობის შესახებ მსჯელობაში", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, მედიასთან, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის კონფერენციის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ახალგაზრდებს კარგად ესმით მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა, რათა მომავალში ქვეყნის მართვის პროცესში მათ წინაშე წარსულიდან გადმოყოლილი პრობლემები არ იდგეს და საქართველოს, განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობა ჰქონდეთ.
"მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების ყველა ჯგუფი და განსაკუთრებით ახალგაზრდობა იყოს ჩართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში და აღმშენებლობის შესახებ მსჯელობაში. ჩვენი ახალგაზრდობა ძალიან კარგად ხედავს თუ რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნის მშვიდ და სტაბილურ განვითარებას იმისთვის, რომ მაშინ, როდესაც მოვა მათი დრო ხელისუფლებაში ყოფნისა, საქართველოს ჰქონდეს არა იგივე გამოწვევები, რისი გადაბარებაც მოუწია მრავალ თაობას ხელისუფლებაში ყოფნისას, არამედ იყოს იმ წერტილზე, როდესაც უკვე შეეძლებათ ახალი ეტაპის დაწყება საქართველოს განვითარებაში და არა ძველი პრობლემების მოგვარებაზე ფიქრი.
მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდობა დღეიდანვე ჩართული იყოს ყველა ამ დისკუსიაში და მინდა მადლობა გადავუხადო "ქართული ოცნების" ახალგაზრდულ ორგანიზაციას, რომელიც ასე ინტენსიურად და ღიად, ყოველგვარი დახურული თემების და საკითხების გარეშე შევიდა ამ დისკუსიაში, დაპატიჟა და მოიწვია ყველა, ვისაც ინტერესი ჰქონდა და იყო მზად, რომ საღი დისკუსიის ნაწილი ყოფილიყო, და ვნახეთ, ვაკვირდებოდით, თუ რამდენად დიდი იყო ინტერესი მთლიანად ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდობისა ამ ღონისძიებების მიმართ. ამიტომ, ეს კარგი საფუძველი იყო იმისთვის, რომ ჩვენი ახალგაზრდობა იყოს ინტენსიურად ჩართული პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ დებატებში", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.