"უკრაინსკა პრავდას" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფრონტის ხაზზე არსებული რეალობა მნიშვნელოვნად განსხვავდება ოფიციალური პოლიტიკური განცხადებებისგან, რასაც გამოცემა უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებში ჩართული სამხედროებისა და მეთაურების ჩვენებებზე დაყრდნობით ასაბუთებს.
გამოცემასთან საუბრისას სხვადასხვა სექტორში მოქმედი უკრაინელი სამხედროები კატეგორიულად უარყოფენ გავრცელებულ ვერსიებს ფრონტზე სამხედრო უპირატესობის შესახებ და ყურადღებას ამახვილებენ იმ მძიმე, სისტემურ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დღეს თავდაცვის ძალები დგანან.
ფრონტის ხაზზე მყოფი სამხედროები სკეპტიციზმით აფასებენ სამხედრო უპირატესობის საკითხს, რასაც ხშირად პოლიტიკურ PR-ად მოიხსენიებენ.
როგორც ერთ-ერთი კორპუსის ოფიცერი "უკრაინსკა პრავდასთან" აცხადებს: "არ ვიცი, საიდან ავიღეთ ინიციატივა ხელში; ზოგიერთ რაიონში უბრალოდ PR აქტივობის ტალღა იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში ის დაბრუნდება. სლავიანსკის სექტორში რუსული შეტევა სევერსკის დაცემის შემდეგ არ შეწყვეტილა. კოსტიანტინოვკაში ბრიგადები უკიდურესად გამოფიტულია".
მებრძოლების განმარტებით, მსგავსი სკეპტიციზმია ზაპოროჟიეს მიმართულებითაც, სადაც რუსულმა მხარემ სუფთა რეზერვების კონცენტრირება მოახდინა, რის გამოც, როგორც ისინი ამბობენ - "ჰულიაიპოლში ინიციატივაზე საუბარი არ არის, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ახალი ძალები ჩამოვიდნენ".
გამოცემის ინფორმაციით, განსაკუთრებით მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში ვითარებაა კოსტიანტინოვკაში, სადაც რუსული ძალები მიზანმიმართულ და სისტემურ ნადირობას აწყობენ უკრაინელ დრონების ოპერატორებზე - "კოსტიანტინოვკაში რუსები პილოტებს ეძებენ; ჩვენ არ შეგვიძლია მათი ქალაქში შეყვანა. იცით, რამდენი ჩვენი პილოტი დაიღუპა იქ უკვე?" - უყვება გამოცემას მე-5 შტურმული ბრიგადის წარმომადგენელი.
მისი თქმით, მტერი იყენებს ეფექტურ ინფილტრაციის ტაქტიკას: სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული რუსული ჯგუფები ფარულად ინტეგრირდებიან ქალაქის ინფრასტრუქტურაში, იპარავენ ან აკონტროლებენ პოზიციებზე არსებულ რადიოკავშირს და აგროვებენ კრიტიკულ მონაცემებს უკრაინული მხარის ლოჯისტიკისა და პიკაპების მოძრაობის შესახებ, რათა შემდგომ დრონების ოპერატორები გაანადგურონ.
სამხედროები ხაზს უსვამენ, რომ ფრონტზე არსებული ფუნდამენტური პრობლემები კვლავ გადაუჭრელი რჩება: ეს არის პერსონალის მწვავე დეფიციტი, უკიდურესად გამოფიტული დანაყოფები, ლოგისტიკური სირთულეები, ბრძოლის ველზე არსებული მასშტაბური დისბალანსი საბრძოლო საშუალებებში და პოზიციებზე პერსონალის დაუცველობა.
მებრძოლების განცხადებით, სანამ ოფიციალური პირები უპირატესობაზე საუბრობენ, მიწაზე მყოფი ქვედანაყოფები რეალურად მხოლოდ პოზიციების სტაბილიზაციას ცდილობენ, რათა თავიდან აიცილონ ვითარების კიდევ უფრო მეტად გაუარესება და გარდაუვალი ტერიტორიული დანაკარგები.
შესაბამისად, მებრძოლების პოზიცია ცალსახაა: დღევანდელი პოლიტიკური ოპტიმიზმი ხშირად აცდენილია იმ მძიმე რეალობას, რომელშიც ისინი ყოველდღიურად საკუთარი სიცოცხლის ფასად იბრძვიან.