თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობისთვის დაკავებული ალეკო ელისაშვილის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება. ელისაშვილის თანაგუნდელები მიიჩნევენ, რომ საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ არის.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიერ სასამართლოს შენობის გადაწვის მცდელობა სამეთვალყურეო კამერების მიერ ცხადად არის დაფიქსირებული.
ოპოზიციის ბრალდებებსა და რადიკალური ჯგუფების ქმედებებზე განცხადება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა გააკეთა.
"ეს იგივე შინაარსის განცხადებებია, როგორიცაა, რომ თურმე, სააკაშვილი არ შემოიპარა არაჟნებით დატვირთული კონტეინერით საქართველოში, კანონი არ დაარღვია და არ ჩაიდინა ის დანაშაულები იგივე "ნაციონალურმა მოძრაობამ", რაზეც 100-ზე მეტი ვერდიქტი არსებობს ევროპულ სასამართლოში. რაზეც არ უნდა ილაპარაკონ ამ ადამიანებმა, საბოლოო ჯამში, იმ კლიშეს ვერ გაექცევიან, რომ მთლიანად ეს რადიკალური ჯგუფები, კოლექტიური "ნაცები" წარმოადგენენ კრიმინალურ სინდიკატს და კრიმინალური ბუნება იყო ყოველთვის მათი საქმიანობის ერთ-ერთი წარმმართველი. ამიტომ, კრიმინალები საკუთარ საქმიანობას ამთავრებენ იქ, სადაც ეს ბატონები არიან," - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.