15 ივლისი 2026,   22:36
ვრცლად
ბევრი რამ უნახავს ინგლისისა და არგენტინის დუელს, განსაკუთრებული მოლოდინი გვაქვს დღევანდელი მატჩის მიმართ - კომენტატორი ამირან შაიშმელაშვილი

მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება. დღეს, 23:00 საათზე, ინგლისი და არგენტინა ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას "რუსთავი 2" შემოგთავაზებთ.

ინგლისის ნაკრები ტურნირზე დამაჯერებლად გამოიყურება და ფინალისკენ კიდევ ერთი ნაბიჯის გადასადგმელად იბრძოლებს. თუმცა, მათი მეტოქე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი არგენტინაა, რომელმაც პლეი-ოფში სტაბილური თამაში აჩვენა. გამარჯვებული ფინალში ესპანეთს დაუპირისპირდება, ხოლო დამარცხებული მესამე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება.

ქართველ ქომაგებს "რუსთავი 2"-ის ეთერის მეშვეობით საყვარელი გუნდისთვის გულშემატკივრობა ყველგან შეუძლიათ, მათ შორის - ფანზონებსა და სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში. ერთ-ერთი ასეთი შეკრების ადგილია რესპუბლიკის მოედანი, სადაც "რუსთავი 2"-ისა და თბილისის მერიის ორგანიზებით დამონტაჟებულია დიდი ეკრანი, მოწყობილია ფანზონები და კვების სივრცეები.

მოლოდინებსა და გუნდების ისტორიულ დაპირისპირებაზე "რუსთავი 2"-ის კომენტატორმა, ამირან შაიშმელაშვილმა ისაუბრა:

"დღეს მართლაც ისტორიული მატჩია, რადგან ინგლისისა და არგენტინის დაპირისპირებას ძალიან დიდი ისტორია აქვს ჯერ კიდევ 1986 წლიდან - გახსოვთ ლეგენდარულ "აცტეკაზე" ჩატარებული თამაში, დიეგო მარადონას "ღმერთის ხელი", ის ლეგენდარული გოლი, შემდეგ კიდევ ერთი დაპირისპირება - დიეგო სიმეონესა და დევიდ ბექჰემის სკანდალური დაპირისპირება - მოკლედ, ბევრი რამ უნახავს ინგლისისა და არგენტინის დუელს.

დღეს ერთ-ერთი ბოლო მატჩია მსოფლიო ჩემპიონატზე ლეო მესისთვის - შანსია, რომ კიდევ ერთხელ აღმართოს ეს ტიტული. თავის მხრივ, ინგლისის ნაკრები, რომელსაც ერთადერთხელ აქვს ეს ტიტული მოგებული და ამ მომენტისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრები ჰყავს. ორივე მათგანს ელოდება ესპანეთი ფინალში და მართლაც განსაკუთრებული მოლოდინი გვაქვს დღევანდელი მატჩის მიმართ," - აცხადებს ამირან შაიშმელაშვილი.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

დღის ამბები