16 ივლისი 2026,   09:14
ვრცლად
ჩვენთვის ჩინეთთან პარტნიორობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, პირდაპირი ფრენები ძალიან დიდ წვლილს შეიტანს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში - ირაკლი კობახიძე

რუსთაველის თეატრში თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე გამოვიდა.

ირაკლი კობახიძემ შანხაისთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების სწრაფად განვითარების გამო კმაყოფილება გამოთქვა.

"ჩვენ, დაახლოებით, 2 წლის წინ ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას, რასაც უკვე ჰქონდა ძალიან კონკრეტული, ხელშესახები შედეგები ჩვენი ქვეყნებისთვის და სულ ცოტა ხნის წინ ხელი მოვაწერეთ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას. ჩვენთვის ჩინეთთან პარტნიორობას, მეგობრობას, ურთიერთობას აქვს განსაკუთრებულზე განსაკუთრებული მნიშვნელობა. ჩინეთი არის მშვიდობიანი სახელმწიფო, ჩინეთი არის თავიდან ბოლომდე ორიენტირებული განვითარებაზე, მოდერნიზაციაზე, პროგრესზე და ყველა სფეროში ჩინეთი არის უაღრესად წარმატებული, რაც არის ჩინეთის ხელისუფლების, ჩინეთის პრეზიდენტის, ბატონი სი ძინპინის ბრძნული პოლიტიკის შედეგი.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ კიდევ უფრო განვითარდეს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსა და ჩინეთს შორის. მოხარული ვართ, რომ ძალიან სწრაფად ვითარდება ეკონომიკური პარტნიორობა. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ, რა თქმა უნდა, განათლების, კულტურის სფეროში თანამშრომლობას. პირდაპირი ფრენები ძალიან დიდ წვლილს შეიტანს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები