21 ივლისი 2026,   05:34
ვრცლად
REUTERS: ენდი ბერნემი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ხდება

ორშაბათს ენდი ბერნემი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დაიკავებს. ის ბოლო ათწლეულში ქვეყნის მეშვიდე პრემიერ-მინისტრი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ახალი ლიდერი პოლიტიკური სისტემის რეფორმირებას გეგმავს. მთავრობის მთავარი პრიორიტეტები ცხოვრების ხარჯების კრიზისთან ბრძოლა და საჯარო სერვისების გაუმჯობესება იქნება.

სააგენტო Reuters-ი დაუნინგ სტრიტზე დაგეგმილი ოფიციალური ცერემონიის დეტალებსაც აქვეყნებს. კირ სტარმერი გამოსამშვიდობებელ სიტყვას წარმოთქვამს. ის ოფიციალურად წარუდგენს გადადგომის განცხადებას მეფე ჩარლზს. ამის შემდეგ მონარქი ბერნემს ბუკინგემის სასახლეში მიიღებს. მეფე მას ახალი მთავრობის ფორმირებას ოფიციალურად სთხოვს.

56 წლის ბერნემი მანამდე დიდი მანჩესტერის მერის პოსტს იკავებდა. ამჟამად ის მინისტრთა კაბინეტის წევრებს არჩევს. მმართველ ლეიბორისტულ პარტიაში საკადრო საკითხებზე კონსულტაციები მიმდინარეობს. Reuters-ი წერს, რომ ახალ პრემიერ-მინისტრს ეკონომიკური ზრდის ტემპის გაუმჯობესება და კომუნალური სექტორის პრობლემების მოგვარება მოუწევს.

ბერნემის ოფისის განცხადებით, პირველ ოფიციალურ მიმართვაში ის აქცენტს პოლიტიკურ სტაბილურობაზე გააკეთებს. მისი თქმით, არსებული გამოწვევების დაძლევა მხოლოდ სტაბილური გარემოს პირობებშია შესაძლებელი. ლეიბორისტულ პარტიაში მიიჩნევენ, რომ ბერნემს ნაიჯელ ფარაჯის პოპულისტური პარტიისგან მომავალი პოლიტიკური საფრთხის განეიტრალება შეუძლია.

ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ფინანსთა მინისტრის დანიშვნა რჩება.
მედია აქტიურად წერს პოტენციურ კანდიდატებზე. ამჟამად ამ პოსტზე მთავარ კანდიდატად შაბანა მაჰმუდი განიხილება. მანამდე პრესაში ედ მილიბანდის კანდიდატურაც სახელდებოდა. ბერნემმა აღნიშნა, რომ გუნდის შემადგენლობაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

პარალელურად, სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, უკვე გაუქმდა ციფრული პირადობის მოწმობების სავალდებულო შემოღების გეგმა. ეს პროექტი არალეგალურ მიგრაციასთან საბრძოლველად იყო გამიზნული. თუმცა საპარლამენტო კომიტეტმა აღნიშნულ გეგმას არაეფექტური უწოდა.

ახალი მთავრობა გეგმავს გააძლიეროს კონტროლი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორზე. დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი წყლის კომპანია Thames Water ფინანსური სირთულეების წინაშე დგას. ლეიბორისტების ლიდერის მოადგილის, ლუსი პაუელის განცხადებით, არ არის გამორიცხული, კომპანია დროებით სპეციალური მართვის რეჟიმში, ანუ სახელმწიფო კონტროლის ქვეშ გადავიდეს.

დღის ამბები