სიძულვილის წაქეზების მკაფიო მაგალითად სახელისუფლებო გუნდი მიხეილ სააკაშვილის ახალ განცხადებას ასახელებს. მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტი საჯარო მხარდაჭერას უცხადებს ონისე ოქრიაშვილს, რომლის ხუმრობებიც მწერლებისა და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად შეფასდა. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საჯარო სივრცეში ეროვნულ ავტორიტეტებს თავს ესხმიან. სპიკერის შეფასებით, ეს მიზანმიმართული კამპანიაა.
ონისე ოქრიაშვილს აქებს და იწონებს იმას, რაც, რამდენიმე დღეა, საზოგადოების ნაწილის აღშფოთებას იწვევს - მიხეილ სააკაშვილის ეს პოზიცია მკაფიოდ იკითხება მისსავე Facebook-პოსტში.
კომერციული ინტერესებით ამართლებს უმრავლესისთვის მიუღებელ ხუმრობებს სააკაშვილის პარტია. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისთვის პრობლემა არ არის ის, რაც სხვებისთვის ეროვნული თუ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაა.
ეროვნულ ფასეულობებზე თავდასხმა პროფესიული საქმიანობა არ არის - აცხადებენ უმრავლესობაში, სადაც არ უკვირთ, რომ მიხეილ სააკაშვილი სწორედ ასეთი შინაარსის საქმიანობას მხარს უჭერს.
Youtube-არხზე გასული იუმორისტული გადაცემა, უკვე რამდენიმე დღეა, განხილვის საგანია, განსაკუთრებით - სოციალურ ქსელებში. სწორედ ამ სივრცეში დაიწყო დაპირისპირება იმ გამონათქვამების გამო, რომელთა ავტორიც ონისე ოქრიაშვილია.