25 ივლისი 2026,   22:29
ვრცლად
ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა - ბრალდებული სამედიცინოდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი

ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმე - ალადაშვილის კლინიკა მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა თითქმის ერთსაათიანი პროცესის შემდეგ დატოვა. სისხლიანი ანგარიშსწორების ფაქტზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებული სამედიცინოდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მალევე გადაიყვანეს.

სასამართლომ ბრალდების მხარის პოზიცია სრულად გაიზიარა, სასჯელის ფორმად კი ყველაზე მკაცრი - პატიმრობა გამოიყენა. საქმის დეტალებზე არ საუბრობს ნიკა კაპანაძის ადვოკატი.

ბრალდებულის ფსიქიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით საუბრობს საქმის პროკურორი. ამბობს, რომ ეს ინფორმაცია საქმეში მხოლოდ დაკავებულის დედის ჩვენებას ეყრდნობა, სამედიცინო ისტორიით ან სხვა დოკუმენტით კი არ დასტურდება.

გამოძიებით დადგინდა, რომ კაპანაძეს, 22 ივლისს, შანიძის ქუჩაზე, სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ოთხ ახალგაზრდასთან, რომლებიც ავტომობილში ჩასხდნენ და ადგილიდან გარიდება სცადეს. თუმცა, ბრალდებულმა მათი მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა. შედეგად, ერთ-ერთი არასრულწლოვანი, ნიკოლოზ ღუნაშვილი, სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა, ორი ახალგაზრდა კი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

ნიკა კაპანაძეს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას, სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავება. მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები