შირაქის ველზე ხორბლის მოსავლის აღების პროცესი მიმდინარეობს. საქართველოში წარმოებული ხორბლის 80 პროცენტი სწორედ კახეთის რეგიონზე მოდის. გასულ წელს, ხორბლის საშუალო მოსავლიანობამ ჰექტარზე 3 ტონამდე შეადგინა, ჯამში კი ქვეყანამ 145 ათასი ტონა ხორბალი მიიღო.
ხორბლის მოსავლის აღების პროცესს სოფლის მეურნეობის მინისტრი გაეცნო. დავით სონღულაშვილმა ქართული ხორბლის კულტურის უნიკალურობაზე ისაუბრა, რაც უკვე საერთაშორისოდ აღიარებულია.
ალოობის პარალელურად, წელს პირველად, კახეთი ფესტივალს მასპინძლობს, რომელიც დედოფლისწყაროში იმართება. ფესტივალი ქართულ ხორბალს, პურის კულტურასა და ტრადიციებს ეძღვნება. თემატური სივრცეები დღეს, სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარემ დაათვალიერა.
ქართული ხორბლის ენდემური სახეობები, ეთნოგრაფიული და სამეცნიერო ექსპოზიციები, პურის ცხობის ტრადიციული მეთოდები და ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია - ფესტივალი "ალოობა 2026" სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
ქართული ხორბლის უნიკალურობა არაერთმა საერთაშორისო კვლევამ დაადასტურა. წელს საქართველო პურის ხორბლის წარმოშობის უძველეს კერად დასახელდა. მანამდე კი იუნესკო-მ ქართული ხორბლის კულტურა კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა.