28 ივლისი 2026,   18:29
ვრცლად
7.1 მაგნიტუდის მიწისძვრა იაპონიაში - სავაჭრო ცენტრის ნანგრევებში ხალხია მოყოლილი

იაპონიის სამხრეთ-დასავლეთით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

როგორც მედია წერს, კუმამოტოში, სავაჭრო ცენტრ Aeon Mall-ში მომხდარი აფეთქებისა და მეორე სართულის ჩამონგრევის შედეგად, შენობაში მრავალი ადამიანია ჩარჩენილი.

ხელისუფლებამ 300 000-მდე მოქალაქეს ევაკუაციისკენ მოუწოდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი კუნძულ კიუშუზე, ქალაქ კუმამოტოდან სამხრეთით, დაახლოებით 20 კილომეტრის მოხდა.

ბიძგები ადგილობრივი დროით 16:27 საათზე დაფიქსირდა. მეტეოროლოგიური სააგენტო მოსახლეობას ძლიერი განმეორებითი ბიძგების შესახებ აფრთხილებს.

მიწისძვრის შემდეგ მოკლევადიანი ცუნამის საფრთხეც გამოცხადდა, თუმცა გაფრთხილება ერთ საათში გაუქმდა.

სამაშველო სამსახურების ცნობით, განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ქალაქ კაშიმაში, სადაც Aeon Mall-ის სავაჭრო კომპლექსის მეორე სართული ჩამოინგრა.

გავრცელებულ კადრებში ჩანს შენობიდან ამოსული თეთრი კვამლი და ავტოსადგომზე გაქცეული ხალხი.

ჩამოშლილია სავაჭრო ცენტრის ფასადის დიდი ნაწილი, საიდანაც ფოლადის კონსტრუქციები გამოჩნდა.

პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა - მათგან 50-ზე მეტი საავადმყოფოში მკურნალობს, ხოლო 10-მდე დაშავებული ხანდაზმულთა თავშესაფრის ბინადარია.

"ჩვენ ჯერ კიდევ ვაფასებთ დაშავებულთა და მატერიალური ზიანის მასშტაბებს, თუმცა უკვე მაქვს ინფორმაცია რამდენიმე დაშავებულის შესახებ", - განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ.

მისივე თქმით, განმეორებითი ბიძგების ფონზე, სამაშველო ოპერაციებსა და კატასტროფის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში 3 600 ჯარისკაცი ჩაერთვება.

მთავრობის მთავარმა მდივანმა მინორუ კიჰარამ აღნიშნა, რომ ადგილზე უკვე მობილიზებულნი არიან პირველადი რეაგირების ჯგუფები, მათ შორის იაპონიის თავდაცვის ძალები, სახანძრო სამსახური და სანაპირო დაცვა.

სტიქიის გამო რეგიონში შეჩერებულია მატარებლების მოძრაობა, ხოლო ათასობით სახლს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, ეპიცენტრიდან 100 კილომეტრში მდებარე „სენდაის“ ატომურ ელექტროსადგური არ დაზიანებულა და ის ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

დღის ამბები