4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძის ინტერესებში მმართველი პარტია ერთადერთ მიზანს - ციხის ვადაზე ადრე დატოვებას ხედავს. კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ავტორს "ქართული ოცნება" შეახსენებს, რომ საპატიმროდან გათავისუფლების გზა, პირველ რიგში, ჩადენილი დანაშაულის აღიარებასა და სინანულზე გადის. სახელისუფლებო გუნდში არ უკვირთ, რომ 4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვებას წინასწარ შემუშავებული გეგმით ცდილობს.
4 ოქტომბრის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი საპროცესო შეთანხმების აუცილებლობაზე ციხეში ყოფნის 10 თვის თავზე ალაპარაკდა. პროტესტის ორგანიზატორი 4 ოქტომბრის მოვლენების დროს დაკავებულებს საპროცესო შეთანხმების გაფორმებისკენ მოუწოდებს. წერს საკუთარ თავზეც.
ბურჭულაძის მოწოდებას მოწოდებით პასუხობენ გახარიას პარტიაში და 4 ოქტომბრის ორგანიზატორს მეტ გულწრფელობას ურჩევენ. "ნაციონალურ მოძრაობაში" კი, სადაც პოლიტიკურ ფსონს სწორედ 4 ოქტომბრის აქციაზე დებდნენ, დღეს ამბობენ, რომ გადაწყვეტილება თავად პატიმრებმა უნდა მიიღონ.
ჩადენილი დანაშაულის აღიარებაა ის აუცილებელი კრიტერიუმი, რომელიც კონკრეტულ სამართლებრივ შედეგებზე გასვლის შესაძლებლობას იძლევა. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ ირიბი აღიარებები გათავისუფლების საფუძველი ვერ გახდება. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ბურჭულაძის ინტერესებზე დასკვნა საზოგადოებამ უნდა გააკეთოს.
კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის საქმეზე ბრალდებულებს: პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს და პაატა მანჯგალაძეს სასამართლომ 7-7 წლით პატიმრობა შეუფარდა. 4 ოქტომბრის მოვლენების შედეგად, სულ 60-ზე მეტი პირი იყო დაკავებული, 23-მა მათგანმა კი სასჯელაღსრულების დაწესებულება სწორედ პროკურატურასთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვა.