27 ივლისი 2026,   22:32
ვრცლად
"ფეიკ" კამპანია, თითქოს რუსი სამხედრო თავს საქართველოში აფარებს - შსს მოქალაქეებს მოუწოდებს, მსგავსი შინაარსის Facebook-პოსტები, ოფიციალურ წყაროებთან გადაამოწმონ

სოციალურ ქსელში გავრცელებული დეზინფორმაციული სტატუსების ავტორები ამტკიცებენ, თითქოს საქართველოში რუსი სამხედრო მოსამსახურე ივან დებალცინი ცხოვრობს. Facebook-გვერდებზე გაზიარებულ ყალბ ინფორმაციას მალევე მოჰყვა სამართალდამცავი უწყებების მხრიდან რეაგირების მოთხოვნის მოწოდებები. შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებამაც არ დააყოვნა. უწყებაში განმარტავენ, რომ მორიგი მიზანმიმართული "ფეიკ" კამპანიის ნაწილია, რომ თითქოს რუსი სამხედრო თავს საქართველოში აფარებს. ალექსანდრე დარახველიძის თქმით, პოსტში მითითებული სახელისა და გვარის მქონე პიროვნებას საზღვრის კვეთა არ უფიქსირდება.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია რომ სიმართლეს არ შეესაბამება, ამას რამდენიმე გარემოებაც ადასტურებს. Facebook-პოსტების ავტორები, ყალბ ამბავთან ერთად, ფოტოებს, სატელეფონო ნომერს, ელექტრონულ ფოსტას, პასპორტის ნომერს და სხვა პირად ინფორმაციასაც ავრცელებენ, თუმცა "ტელეგრამ" არხზე გაზიარებული პოსტით დგინდება, რომ პირადი მონაცემები, არა ივან დებალცინს, არამედ რუს სამხედრო ოფიცერ სერგეი პრიტულას ეკუთვნის, რომელიც საქართველოში არასდროს ყოფილა. პრიტულას შესახებ პირადი ინფორმაცია უკრაინულ საიტ "მიტარვორეცზე" იძებნება. თავად ივან დებალცინი კი, სავარაუდოდ, გამოგონილი სახელი და გვარია. გავრცელებული ფოტოებიდან ერთ-ერთი დებალცევოს რკინიგზის სადგურზეა გადაღებული. სავარაუდოდ, სწორედ ამის გამოა გაყალბებული გვარი - დებალცინიც.

რატომ ავრცელებენ მსგავსი შინაარსის ყალბ და გადაუმოწმებელ ინფორმაციის სოციალურ ქსელებში? "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მიზანმიმართული კამპანია ქართული სამართალდამცავი უწყებების რეპუტაციულად დაზიანებას ემსახურება.

მაშინ, როცა საქმე გამოაშკარავებულ ტყუილს და დეზინფორმაციის მორიგ კამპანიას ეხება, ოპოზიციის ნაწილი საუბრისგან თავს იკავებს, ნაწილი კი მხოლოდ იმას ამბობს, რომ ყალბი ამბების გავრცელება მიუღებელია.

მცდარი ინფორმაციის გავრცელებით საზოგადოებაში აჟიოტაჟის შექმნა, მმართველი გუნდის თქმით, იმ ადამიანების ხელწერაა, რომლებიც საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობას და პოლარიზაციის გაღვივებას უკვე დიდი ხანია ცდილობენ. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ, ხშირად, დეზინფორმაციული კამპანიები სწორედ მაშინ იწყება, როცა საქართველოში ტურისტული სეზონი ახლოვდება.

ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში არაერთი დეზინფორმაცია ვრცელდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, მსგავსი შინაარსის Facebook-პოსტები, ოფიციალურ წყაროებთან გადაამოწმონ.

 

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები