"ხრამჰესი 1", "ხრამჰესი 2", "თელასი" - საქართველოს ენერგოუსაფრთხოების ის ბერკეტებია, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2008 წელს, ომის შემდეგ, რუსულ კომპანიას მიჰყიდა. საუბარია Inter RAO-ზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის სანქციების ოცდამეერთე პაკეტში მოხვდა. ევროგაერთიანება მას რუსეთის მიერ წარმოებული ომის სპონსორობაში ადანაშაულებს. მმართველ გუნდში დღეს, "ნაცმოძრაობის" ხელისუფლების მიერ რუსეთთან ფსევდოდაპირისპირება და ამ ფონზე გაყიდული სტრატეგიული ობიექტები გაიხსენეს. თქვეს, რომ სააკაშვილის გუნდმა, საქართველოს ენერგორესურსების გასხვისებით, ქვეყანა სოლიდური რისკების ქვეშ დააყენა.
რატომ გასხვისდა ასეულობით მეგავატის მწარმოებელი ჰესები და კომპანია რუსეთზე, ომიდან რამდენიმე თვეში - ამ კითხვაზე სააკაშვილის პარტიაში პასუხი არ აქვთ.
"ნაციონალური მოძრაობა" ეროვნული ინტერესების ღია ღალატში დაადანაშაულეს დღეს "ხალხის ძალის" დეპუტატებმა. საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფში განმარტავენ, რომ სააკაშვილის პარტიამ სახელისუფლებო ბერკეტი საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის გასანადგურებლად გამოიყენა.
"ნაციონალური მოძრაობისა" და მისი იდეოლოგიური მოკავშირეების პოზიცია არც საპარლამენტო უმრავლესობაში უკვირთ. ამბობენ, რომ ასობით მეგავატის გენერაცია ყოფილმა ხელისუფლებამ რუსეთის ხელში განზრახ ჩააგდო, დღეს კი მთავრობას არსებული რისკების დაზღვევა უწევს. მმართველ გუნდში პრაგმატული პოლიტიკის აუცილებლობაზე საუბრობენ, რომელსაც, მშვიდობასთან ერთად, ენერგოუსაფრთხოებაც მოაქვს.
რუსული Inter RAO ევროგაერთიანებამ რამდენიმე დღის წინ დაასანქცირა. დღეს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ბანკები "თელასის" მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში გააგრძელებენ. არაპირდაპირი მფლობელის სანქცირების მიუხედავად, კომპანია "თელასი" სანქცირებულ პირთა სიაში შეყვანილი არ არის და კრიტიკული მნიშვნელობის მქონე მომსახურების მიმწოდებელ კომპანიას წარმოადგენს.