არასერიოზული და მიკერძოებული - მმართველი გუნდი ჯო უილსონის მორიგ განცხადებას ეხმაურება.
ამერიკელმა კონგრესმენმა დაწერა, რომ "ქართული ოცნება" სიტყვის თავისუფლებას ანადგურებს და მათ წინააღმდეგ ახალი კანონპროექტის წარდგენა დააანონსა. პასუხად, სახელისუფლებო პარტიაში უილსონის მხრიდან გაკეთებულ არაერთ დაუსაბუთებელ განცხადებას იხსენებენ. აცხადებენ, რომ ამერიკელი კონგრესმენი საქართველოს ინტერესების საზიანოდ საკუთარი ინტერესებისთვის მოქმედებს, რასაც ფარას დოკუმენტები და ლობისტურ კომპანიებში უილსონის გვარიც ადასტურებს.
"საერთოდ არ არის საინტერესოა ჯო უილსონის განცხადებები, აქ მთავარია, რეალური დამკვეთების მიზანი რა არის, რატომ უკვეთავენ მას იმას, რასაც წერს საკუთარ სოციალურ მედიებში. ეს მიზანიც პირდაპირ დევს ამ პოსტებში. მიზანია, რომ საქართველო იქცეს კიდევ ერთ პროქსი სახელმწიფოდ, იყოს გეოპოლიტიკური დაპირისპირებების კიდევ ერთი ცხელი წერტილი, როგორიც არის უკრაინა თუ სხვა ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოები. ეს მიზანი იკითხება ამ სოციალურ პოსტებში.
ასევე, ის, რომ მათთვის მიუღებელია, როდესაც ხელისუფლება ცდილობს სიძულვილის ენა არ იყოს ნორმა ქართულ პოლიტიკაში. ისინი, პირიქით, ამის საპირისპიროს ცდილობენ. სწორედ ამ ძალებმა შეუწყვეს ხელი პოლარიზაციას, რადიკალიზაციას, სიძულვილისა და შეურაცხმყოფელი ენის დამკვიდრებით, ამიტომ, მათგან ეს მიზნები ძალიან ცალსახაა.
საზოგადოებაც ხედავს, რომ მათ არ ამოძრავებთ სასარგებლო მიზნები საქართველოსთან დაკავშირებით, ამის საპირისპიროდ, მოსახლეობის მხარდაჭერით, ჩვენ გავაგრძელებთ იმას, რომ, ერთის მხრივ, სიძულვილის ენა არ იყოს ქართული პოლიტიკის ნორმა, და, მეორეს მხრივ, საქართველო არ იქცეს დიდი დაპირისპირების ერთ-ერთ წერტილად," - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.