29 ივლისი 2026,   20:04
ვრცლად
ნაურუს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ, საქართველოს არაღიარების პოლიტიკის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა - მაკა ბოჭორიშვილი

ნაურუს რესპუბლიკამ ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა. ნაურუს აღმასრულებელი ორგანოს კაბინეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა წარმოადგენს ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დამატებითი განცხადება გააკეთა. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ნაურუს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ არის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება საქართველოს არაღიარების პოლიტიკის:

"ნაურუს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ არის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება საქართველოს არაღიარების პოლიტიკის და დიპლომატიური ძალისხმევის, რასაც ახორციელებს საგარეო სამსახური, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად საერთაშორისო ასპარეზზე. თავის დროზე, როდესაც ნაურუს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ, ეს იყო საერთაშორისო სამართლის და ნორმების უხეში დარღვევა. ჩვენ მუდმივად ვმუშაობდით სხვადასხვა პარტნიორთან იმისათვის, რომ ეს გადაწყვეტილება უკან ყოფილიყო წაღებული. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბოლო პერიოდში განხორციელებული მუშაობა, რისი შედეგის არის დღევანდელი გადაწყვეტილება. ეს რთული პროცესია, მარტივი არ არის. ახლოვდება 2008 წლის ომის წლისთავი, სწორედ ამ ომის შედეგი იყო აფხაზეთისა და ოსეთის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება და სამწუხაროდ, ის საერთაშორისო შედეგები, რაც ამ აღიარებას მოჰყვა საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის მხრიდან.

ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც უკანონოდ იყო მიღებული, უკან იყოს წაღებული და ასევე გადავდგათ ის ნაბიჯები, რაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას სჭირდება,"- აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

დღის ამბები