30 ივლისი 2026,   19:35
ვრცლად
"ქართველი ადამიანი ემოციური და სენსიტიურია, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება ეროვნულ ღირსებას, იქნებ მოვახერხოთ, რომ შესაბამისი კანონმდებლობა მიიღონ" - ბათუმის თეატრის დირექტორი კოტე მჟავია

თბილისში ახალი საინიციატივო ჯგუფი დაფუძნდა, რომელიც ეკლესიის, სიწმინდეებისა და ეროვნული ფასეულობების შეურაცხყოფის წინააღმდეგ საკანონმდებლო ბაზის გამკაცრებას ითხოვს.

საინიციატივო ჯგუფის წევრის, ბათუმის თეატრის დირექტორის, კოტე მჟავიას განცხადებით, ეროვნულ ღირსებაზე ქართული საზოგადოება სენსიტიურია, შესაბამისად, მსგავს შეურაცხყოფებს ხშირად ქუჩაში დაპირისპირება მოსდევს. პროცესების პრევენციისთვის კი, მისი შეფასებით, აუცილებელია სახელმწიფოს ჩართულობა და შესაბამისი კანონის მიღება.

"ქართველი ადამიანი ემოციური და სენსიტიურია, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება ეროვნულ ღირსებას და როცა სიწმინდეებზეა საუბარი. ამიტომ, ძალიან ემოციურად რეაგირებს ხოლმე მსგავს შეურაცხყოფაზე. მსგავსი შეურაცხყოფის შემდეგ ვიღებთ ქუჩაში ამ შედეგებს, რაც ბოლო დროს განვითარდა და რომელიც მაინცდამაინც კარგი შესახედი არ არის. ამიტომ, იქნებ მოვახერხოთ საზოგადოების ჩართულობით, პროფესიონალების ჩართულობით, რომ რაღაცა შესაბამისი კანონმდებლობა მიიღონ, ჩაერთოს სახელმწიფო ამაში და მსგავსი ქმედებები შემდეგში აღარ განმეორდეს", - აცხადებს კოტე მჟავია.

ცნობისთვის, ახალი საინიციატივო ჯგუფის წევრები მსახიობი გიორგი შანიძე, რეჟისორი გიორგი სიხარულიძე და ბათუმის თეატრის დირექტორი კოტე მჟავია არიან. ჯგუფი ითხოვს ისეთი კანონების მიღებას, რომლებიც ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას უზრუნველყოფს. ავტორების განმარტებით, აღნიშნული ინიციატივა ბრიტანული კანონის ანალოგიას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, სამეფო ოჯახის შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით დასჯადია.

დღის ამბები