პარლამენტის თავმჯდომარის ვრცელ წერილს შეფასებები მოჰყვა მმართველ გუნდში. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, ოპოზიციის ნაწილს არანაირი სოლიდარული განცდა არ გააჩნია იმ ადამიანების მიმართ, ვინც საპროტესტო აქციებზე დააკავეს.
"მეხუთე კოლონას" ყოველთვის მზაკვრული გეგმები აქვს, როგორც საკუთარი სამშობლოს მიმართ, რომელთა დაკავშირებითაც არანაირი ემოციური ბმა გააჩნია, ასევე, საკუთარი მხარდამჭერების, იმ ერთი მუჭა ადამიანების მიმართ, ვინც მოტყუებულნი თუ შეგნებულად მრუდე გზაზე დამდგარნი არიან გისოსებს მიღმა იმ დანაშაულების გამო, რაც მათ ჩაიდინეს.
მათ მოინანიონ, შემდგომ უკვე რაღაც ახალი ფურცლიდან გააგრძელონ თავისი ცხოვრება, ამის წინააღმდეგი არიან, ბუნებრივია, რადიკალები. ისინი ელემენტარულად სჭირდებათ იმისთვის, რომ საკუთარი დეგრადირებული პიარ-კამპანია აწარმოონ შემდგომ და ყველანაირად ხელი შეუშალონ, რომ ამ კონკრეტულმა ადამიანებმა მიიღონ ის ჰუმანური მიდგომა სახელმწიფოს მხრიდან, რაც, რა თქმა უნდა, მათთვის იქნება ჩვეულებრივად მისაღები, თუკი ისინი საკუთარ დანაშაულს და საკუთარ ანტისახელმწიფოებრივ ქცევას აღიარებენ.
აი, ეს აღიზიანებთ, ეს აწუხებთ ძალიან სააკაშვილს და კოლექტიურ "ნაცმოძრაობას," ამიტომაც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა არ დატოვონ პენიტენციური დაწესებულება," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
მორალური ტერორი, მანიპულაციური მსხვერპლი, "უსინდისობის ტყვეობა" და დამარცხებული რევოლუციური პროპაგანდა - პარლამენტის თავმჯდომარე ვრცელ წერილს ავრცელებს, სადაც აქციებზე დაკავებულების მიმართ სახელმწიფოს მიდგომას განმარტავს.
სპიკერი სვამს 2 მთავარ კითხვას, ვის სჭირდება აქციებზე დაკავებულების ციხეში დარჩენა და თუ ხელისუფლების მიზანი ამ ადამიანების ციხეში გამოკეტვაა, რატომ არის 45 პირი დღეს თავისუფალი? შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ მსხვერპლი ახლა სწორედ მათ სჭირდებათ, ვინც ეს პირები ჯერ კანონდარღვევისკენ წააქეზეს, ახლა კი საკუთარი ინტერესების იარაღად იყენებენ.
მისი განმარტებით, სახელმწიფოს მიზანი არასდროს ყოფილა მოქალაქეების ციხეში გამოკეტვა, პასუხისმგებლობის გააზრებისა და დანაშაულის აღიარების შემთხვევაში, გათავისუფლების სამართლებრივი გზა ყველასთვის ღიაა, თუმცა, სპიკერის შეფასებით, პროტესტის ორგანიზატორები დაკავებულებზე მორალურ ზეწოლას ახორციელებენ და მათ ციხეში დარჩენას აიძულებენ, რათა გარეთ ბრძოლის ილუზია შეინარჩუნონ.