03 სექტემბერი 2026,   21:31
ვრცლად
იმ პატიმრებს, რომლებიც ნოემბერ-დეკემბრის აქციის შედეგად არიან დაპატიმრებული, დაემატა ათობით პატიმარი 4 ოქტომბრის შემდეგ. აქ პოლიტიკოსების პასუხისმგებლობა ძალიან დიდია - გიორგი შარაშიძე

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წერილს შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში. როგორც პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი შარაშიძე აცხადებს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებიც საპროტესტო აქციის მონაწილეებს ე.წ. მშვიდობიანი დამხობისკენ მოუწოდებდნენ, შემდგომში აღნიშნულ ადამიანების ბედზე არანაირი პასუხისმგებლობა არ აუღიათ.

"პოლიტიკოსები, ვინც ამისკენ მოუწოდებდნენ, ე.წ. მშვიდობიანი დამხობისკენ, გვახსოვს ხომ ყველას კარგად, იმედს აძლევდნენ, საჯაროდ აკეთებდნენ ამას, აორგანიზებდნენ ამ პროცესს, ამ პოლიტიკოსებიდან არავის არათუ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ აუღია, არამედ, არც ბოდიში მოუხდია და არანაირი განმარტება ამასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია. ვხედავთ, რომ იმ პატიმრებს, რომლებიც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციის შედეგად არიან დაპატიმრებული, როგორ დაემატა შემდეგ ათობით პატიმარი უკვე 4 ოქტომბრის შემდეგ და, რა თქმა უნდა, აქ პოლიტიკოსების პასუხისმგებლობა ძალიან დიდია," - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

მორალური ტერორი, მანიპულაციური მსხვერპლი, "უსინდისობის ტყვეობა" და დამარცხებული რევოლუციური პროპაგანდა - პარლამენტის თავმჯდომარე ვრცელ წერილს ავრცელებს, სადაც აქციებზე დაკავებულების მიმართ სახელმწიფოს მიდგომას განმარტავს.

სპიკერი სვამს 2 მთავარ კითხვას, ვის სჭირდება აქციებზე დაკავებულების ციხეში დარჩენა და თუ ხელისუფლების მიზანი ამ ადამიანების ციხეში გამოკეტვაა, რატომ არის 45 პირი დღეს თავისუფალი? - შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ მსხვერპლი ახლა სწორედ მათ სჭირდებათ, ვინც ეს პირები ჯერ კანონდარღვევისკენ წააქეზეს, ახლა კი საკუთარი ინტერესების იარაღად იყენებენ.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, სახელმწიფოს მიზანი არასდროს ყოფილა მოქალაქეების ციხეში გამოკეტვა, პასუხისმგებლობის გააზრებისა და დანაშაულის აღიარების შემთხვევაში, გათავისუფლების სამართლებრივი გზა ყველასთვის ღიაა, თუმცა, სპიკერის შეფასებით, პროტესტის ორგანიზატორები დაკავებულებზე მორალურ ზეწოლას ახორციელებენ და მათ ციხეში დარჩენას აიძულებენ, რათა გარეთ ბრძოლის ილუზია შეინარჩუნონ.

დღის ამბები