ევროსაბჭოს კომისიის დასკვნას პოლიტიკოსები თბილისში გამოეხმაურნენ. კომისია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს სასამართლო სისტემის გაუმჯობესებისკენ. ანგარიშში მოხვდა რუსთავი 2-ის წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო პროცესიც. კომისრის შეფასებით, ამ პროცესმა უამრავი კრიტიკული შენიშვნა გამოიწვია.
საპარლამენტო უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ რუსთავი 2-ის საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია, მათი თქმითმ, ამის დასტურია, რომ რუსთავი 2 ჩვეულ რეჟიმში მაუწყებლობს.
„რუსთავი 2-ის საქმე იყო ყურადღების საგანი და ეს იყო ბუნებრივი, მაგრამ მნიშვნელოვანია თუ როგორ ხდება მოვლენების განვითარება. ჩვენს პარტნიორებს თუ თავიდან რაიმე კითხვის ნიშანი ჰქონდათ, ესეც იყო ბუნებრივი და ლოგიკური, ეს საკითხი დღეს ამოწურულია, იქიდან გამომდინარე, რომ რუსთავი 2-ის მაუწყებლობას, სამაუწყებლო კომპანიაში მართვის პროცესს არავითარი საფრთე არ ემუქრება. ტელეკომპანია ჩვეულებრივ რეჟიმში მაუწყებლობს,“- განაცხადა მანანა კობახიძემ.
ნაციონალური მოძრაობის წევრის, სერგო რატიანის, თქმით, კი დასკვნა აჩვენებს, რომ სახელმწიფოს სერიოზული პრობლემები აქვს და ამის გამო საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე შესაძლოა, პრობლემები შეექმნას.
საქართველოს განვითარების ფონდის საგარეო პოლიტიკის განყოფილების ხელმძღვანელი, გიორგი რუხაძე, აცხადებს, რომ ევროსაბჭოს კომისიის დასკვნაში ნახსენები საკითების მოსაგვარებლად საჭიროა რეფორმების გატარება, პოლიტიკური ნება და საზოგადოების ჩართულობა.
ავტორი: ნინო სამყურაშვილი