23 სექტემბერი 2026,   16:50
ვრცლად
დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმის პანელურ დისკუსიაში

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მე-9 მსოფლიო ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში სახელწოდებით “კონკურენტული ენერგეტიკული ბაზრების შექმნა წამახალისებელი რეგულირების საშუალებით”.

დავით ნარმანიამ ისაუბრა განახლებადი ენერგიების განვითარების მიმართულებით საქართველოს პოტენციალის, სამომავლო გეგმების, განსახორციელებელი მნიშვნელოვანი პროექტებისა და ამ კუთხით სემეკის როლისა და რეგულაციების შესახებ.

დავით ნარმანიასთან ერთად, პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს  იაპონიის ელექტროენერგიისა და გაზის ბაზრის ზედამხედველობის კომისიის (EGC) თავმჯდომარე აკიჰიკო იოკოიამამ, ავსტრალიის ენერგეტიკული ბაზრის კომისიის თავმჯდომარე (AEMC) ანა კოლიერმა, ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის ფედერალური კომისიის წევრმა ლინდსი სიმ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) 21-24 სექტემბერს ქ. თბილისში მასპინძლობს ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მე-9 მსოფლიო ფორუმს, რომელიც საქართველოში პირველად იმართება. ფორუმში მონაწილეობას იღებენ ევროპისა და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ენერგეტიკული გაერთიანების, ასოციაციების წევრი ქვეყნები, სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკული და დონორი ორგანიზაციების პირველი პირები.

ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაციის ეგიდით (ICER), ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმი 2000 წლიდან, ყოველ 3 წელიწადში ერთხელ იმართება. სხვადასხვა ორგანიზაციასთან ერთად ICER-ის წევრები არიან: ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭო (CEER), აშშ-ს კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ასოციაცია (NARUC), ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია (ERRA).

დღის ამბები