სახალხო დამცველის აპარატმა დავითაძის საქმე და ვიდეოჩანაწერები დეტალურად შეისწავლა. ომბუდსმენის ინფორმაციით, აპარატმა მსჯავრდებულის მიმართ არასათანადო მოპყრობის ან ფიზიკური ძალადობის ამსახველი მტკიცებულება ვერ ნახა.
პენიტენციური სამსახურის მხრიდან კადრების გასაჯაროების და ომბუდსმენის დასკვნის მიუხედავად, ოპოზიცია მაინც ამტკიცებს, რომ ციხეებში ადგილი აქვს ძალადობის ფაქტებს.
პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს თავმჯდომარე, ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ ითხოვენ, ციხეები გაიხსნას და ადგილზე იქნას შესწავლილი სიტუაცია.
"პენიტენციურ სისტემაში გახშირდა ძალადობის, არა ადამიანური მოპყრობის და წამების შემთხვევები. ახლა, საბოლოო ჯამში, ვითხოვთ იმას, რომ ციხეები გაიხსნას, უფლებადამცველებს, სახალხო დამცველს, პრესის და მედიის წარმომადგენლებს შეეძლოთ ადგილზე ნახონ სიტუაცია," - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.