06 ნოემბერი 2026,   10:01
ვრცლად
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირებისგან დაკომპლექტებული დელეგაცია სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შესახებ ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს თურქეთის ეროვნული პოლიციის კონტრაბანდასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის, ინტერპოლისა და ევროპოლის დეპარტამენტის, ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო აკადემიის, ასევე, საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობა, სამომავლო გეგმები და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, გამოცდილების გაზიარებასა და პარტნიორული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების, ასევე, სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელი პირები.

დღის ამბები